“დაისაჯონ ის ადამიანები, ის მხეცები დაისაჯონ, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი“

  09:15:58     12-09-2018

ზაზა სარალიძის საავადმყოფოშ გადაყვანას წინ უძღვოდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება. რუსთაველზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისა და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. აქცია სარალიძის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"დაისაჯონ ის ადამიანები, ის მხეცები დაისაჯონ, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი,"-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
აქციაზე მივიდა ელისო კილაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

"არავინ არ აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, შვილმკვდარი მამები პროტესტს გამოთქვამენ. სრული მობილიზაცია გამოცხადდება ამ დღეებში და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ შვილმკვდარი მამები დარჩებიან აქ მარტო,"-აღნიშნა ელისო კილაძემ.

შვილმკვდარ მამებს აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სარალიძის შეუძლოდ გახდომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას ამ პრობლემისადმი.

შვილმკვდარი მამების აქციაზე მივიდა "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩენ საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ თავხედებთან. ადამიანებთან, რომელსაც უნდა რომ ხელი დააფარონ დანაშაულს,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.