ბავშვებმა ნახეს, დანა როგორ დაარტყა დედას და როგორ ეხვეწებოდა არ მომკლაო - თაკო გამრეკელაშვილის დედა

  17:29:59     06-09-2018

ბავშვები არამხოლოდ ესწრებოდნენ, არამედ თავიანთი თვალით უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას, თუ როგორ დაასისხლიანა ის, პირველი სად დაარტყა დანა, სად წაიყვანა, სად დატოვა და როგორ გადახტა ფანჯრიდან, - განაცხადა ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედამ, ნათელა გაბოძემ ჟურნალისტებთან.

ის დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა. როგორც გაბოძე განმარტავს, მან სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისი შვილის მკვლელობასთან და მასზე ყოფილი მეუღლის, ვეფხია ბაქრაძის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით.

"ბრალდებული უარყოფს და ამბობს რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ მკვლელობას.არადა, ნამდვილად ვიცით, რომ ესწრებოდნენ. გამოძიებით კმაყოფილი ვარ.

ჩემთან კითხვები ჰქონდათ ძალადობაზე და ბავშვების მდგომარეობაზე. დამტკიცდა, რომ ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ დანაშაულს. სასამართლოს მივაწოდე ის ინფორმაცია რაც ბავშვები აღწერენ და რა თვალითაც უყურეს დედის მკვლელობას.

ბავშვებმა ნახეს დანა როგორ დაარტყა, როგორ ეხვეწებოდა დედა არ მომკლაო. ბავშვები დღემდე, ყოველდღე ამას იმეორებენ. დაუჯერებელი ფაქტია და არაადეკვატური, თქვას და დაამტკიცოს, რომ ბავშვები იქ არ იყვნენ. ყველამ ვიცით რომ ბავშვები იქ იყვნენ. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.

ბრალდებულმაც დამისვა კითხვა, თქვა რომ ვითომ ჩემზე არ ძალადობდა.

ბავშვები არამხოლოდ ესწრებოდნენ, არამედ თავიანთი თვალით უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას, თუ როგორ დაასისხლიანა, პირველი სად დაარტყა, სად წაიყვანა, სად დატოვა და როგორ გადახტა ფანჯრიდან", - აცხადებს გაბოძე.