პოლონეთი საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავებს შეიძენს
00:15:27     17-06-2011
რამოდენიმე დღის წინ, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ, გასულ წელს გამოცხადებული ტენდერში მონაწილე მსურველი ქვეყნების ნუსხა და მათი შემოთავაზებები საჯაროდ გამოაქვეყნა. ტენდერი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეხებათ. კერძოთ, პოლონეთი შეიარაღებაში, 16 ერთეულის ოდენობით ახალი საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავების მიღებას გეგმავს.
ტენდერის პირობების თანახმად, მასში მონაწილე საავიაციო ფირმებმა თავიანთი შემოთავაზებები, არაუგვიანეს 2011 წლის 29 ივლისისა უნდა წარმოადგინონ.
დღევანდელი დღის მდგომარეობით, პოლონეთის თავდაცვის უწყების თვალთახედვის არეში ხუთი საავიაციო ფირმა მოხვდა. ესენია: იტალიური Alenia Aermacchi, ბრიტანული BAE Systems, ჩეხური Aero Vodochody, ფინური Patria და სამხრეთ კორეული KoreaAerospaceIndustries.
ჩამოთვლილი ფირმებიდან, ტენდერში შემდეგი თვითმფრინავები მონაწილეობენ: M-346, HawkAJT, L-159T1, HawkMk.51/51A დაT-50P შესაბამისად. ჩამოთვლილი საფრენი აპარატებიდან, ყველა ორადილიანი სქემის მიხედვით არიან შესრულებულნი. წმინდა სასწავლო ამოცანების გარდა, რაც საწყის ეტაპზე კურსანტების მომზადებას ითვალისწინებს, ჩამოთვლილი თვითმფრინავების გამოყენება გარკვეულ წილად სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება. ამ მიზნისთვის თვითმფრინავის კონსტრუქციაში შეიარაღების განსათავსებლად, გარე საკიდებია გათვლისწინებული.
პოლონურ ტენდერში მონაწილე თვითმფრინავებიდან, ყველაზე "ახალგაზრდა" კორეული და იტალიური მონაწილეები არიან.
T-50 - კორეულ-ამერიკული თანამშრომლობის პირმშოა. მისი შექმნისას კორეულ მხარეს ტექნიკურ დახმარებას ამერიკული ფირმა Lockheed Martin უწევდა. სხვათა შორის პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის 13 % სწორედ მან გაიღო. დანარჩენი 17 % და 70 % შესაბამისად კორეულმა ავიმაშნებელმა კორპორაციამ და თავად ქვეყნის მთავრობამ გამოყო. თვითმფრინავზე მუშაობა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 2000 წელს თვითმფრინავს Golden Eagle შეარქვეს, რაც ქართულად "ოქროს არწივს" ნიშნავს.
თვითმფრინავი პირველად 2002 წლის 20 აგვისტოს აფრინდა. თავისი შედარებით, მცირე გაბარიტების მიუხედავად, მას 1485 კმ/სთ-ის ტოლი მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია. ანუ ის ზებგერითი საფრენი აპარატია. მასზე თანამედროვე ელექტრონული და სანავიგაციო სისტემებია გამოყენებული.
"ოქრის არწივს" შეიარაღების საკმაოდ ფართო ნომენკლატურა აქვს. მის არსენალში "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტები შედის. რაც შეეხება სახმელეთო სამიზნეებს, მათ წინააღმდეგ როგორც მართვადი ასევე უმართავი საავიაციო რაკეტებისა და ბომბების გამოყენება შეიძლება.
დღეისთვის, 50 ასეთი თვითმფრინავი სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია. დამატებითად 10 T-50B-ს ამავე ქვეყნის საპილოტაჟო ჯგუფი მოიხმარს. 2011 წლის მაისში 16 "ოქროს არწივის" შეძენაზე თანხმობა ინდონეზიამ განაცხადა.
რაც შეეხება იტალიელ მონაწილეს, ის პირველად 2004 წელს აფრინდა. თუმცა უსამართლო იქნება რომ ამ თვითმფრინავს იტალიური ვუწოდოდ. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ საფრენ აპარატს, რომელსაც იტალია მთელს მსოფლიოში აქტიურ რეკლამას უკეთებს, რუსული ფესვები გააჩნია.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოძველებული ჩეხოსლოვაკიური L-39-ების შესაცვლელად ახალი სასწავლო თვითმფრინავის შექმნა გადაწყდა. გეგმით 1200-1400 თვითმფრინავის აშენება იყო განზრახული, რომლებსაც 2000 "ალბატროსი" უნდა ჩაენაცვლებინათ. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ ამ გეგმებს ბოლო მოუღო და უფულობის გამო იაკოვლევის ფირმამ დამოუკიდებლად დასავლური პარტნიორების ძებნა დაიწყო. Як-130-მა იტალიურ Aermacchi-ზე მოახდინა შთაბეჭდილება და ისინი ამ პროექტით დაინტერესდნენ. თუმცა მასში ფულის ჩადებას არ ჩქარობდნენ.
მალე ნათელი გახდა, რომ იტალიელებსა და რუსებს სხვადასხვა თვითმფრინავის მიღება სურდათ. რუსები ევროპული დეტალების გამოყენებაზე უარს იძახდნენ, იტალიელები კი თავის მხრივ დსთ-ს სივრცეში დამზადებულ დეტალებს არ ენდობოდნენ. მალე იტალიურ-რუსულ მეგობრობას წყალი შეუდგა და ბოლოს პარტნიორები თვითმფრინავის საბაზო ვერსიის შექმნაზე შეთანხმდენენ, შემდგომ კი ყოველი მხარე მის ბაზაზე საკუთარ პროექტს შექმნიდა.
მართალია თვითმფრინავი მხოლოდ რუსების საინჟინრო რესურსებით შეიქმნა, სამაგიეროთ მათ ფული და თვითმფირნავის სერიულ დონემდე მიყვანის იმედი გაუჩნდათ. იტალიელებს კი თვითმფრინავის პლანერის ნახაზებში არაფერი გადაუხდიათ. იმ პერიოდში რუსეთს იტალიის სახელმწიფო ვალი მართებდა და მისი დაქვითვა ნახაზების ღირებულებით მოხდა. სწორედ ასე იშვა M-346.
სხვათა შორის ტენდერში მონაწილე სხვა თვითმფრინავებისგან განსხვავებით, მხოლოდ ამ მონაწილეს ორი ძრავა გააჩნია. ეს კი მის საიმედოობას საზგრძნობლად ზრდის. არ არის გამორიცხული რომ ამ ფაქტორმა თვითმფრინავის სასარგებლოდ დიდი როლი ითამაშოს.
პოლონეთის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ, თვითმფრინავების მოწოდება ორ ეტაპად უნდა მოახდინოს. 2014 წლამდე დამკვეთმა პირველი რვა თვითმფრინავი უნდა მიიღოს. დანარჩენების მოწოდება კი 2016 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
სავარაუდოთ, თუ ტენდერის ბოლომდე ჩატარებას, ხელი არაფერმა არ შეუშალა, პოლონეთი ფინალისტს ამ წლის ბოლოსთვის დაასახელებს. თავად ტენდერი გასული წლის 2 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეკვეთის ღირებულება 1.45 მილიარდი ზლოტის ოდენობით განისაზღვრება. რაც დაახლოებით 533 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
ახალი თვითმფრინავების გამოყენება F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მფრინავების მოსამზადებლად მოხდება.