ოტია იოსელიანის დაბადების დღე
17:40:29     16-06-2011
დღეს ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადების დღეა.
ვულოცავთ ბატონ ოტიას დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ოჯახის წევრებთან ერთად!
ოტია იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს სოფელ გვიშტიბში (ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი).
მარინა გოგოლაძე-გაბუნია წერს: “სკოლოს დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლირიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე.
ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა “ქვეყნის უკეთესი ბებია”, რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობელი" გამოსცა 1957 წელს...
ოტია იოსელიანმა შექმნა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, რომანები: "ვარსკვლავთცვენა", "ტყვეთა-ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", "იყო ერთი ქალი", "ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ". საბავშვო მოთხრობები: "ცხრა მთას იქით", "დაჩის ზღაპრები” (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის), "ცა გამთენია"; პიესები: "სანამ ურემი გადაბრუნდება", "როცა სიყვარული მოვა", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". მის ნაწარმოებებზე გადაღებულია ფილმები: "მალე გაზაფხული მოვა", "ჩქარი მატარებელი", "თეთრი ქალიშვილი". მისი პიესები, მოთხრობები და რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
იგი ჩვეული შემართებით განაგრძობს ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობას. 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი და რომელსაც დიდი სიხარულით შეხვდა მადლიერი მკითხველი.”
პრესა.გე-ს რედაქცია უსურვებს ბატონ ოტია იოსელიანს - დიდხანს იცოცხლოს, მისი ცხოვრება სულ დალხენილი და ბედნიერი იყოს, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში, ქვეყანაში, რომლის კარგიც ძალიან უხარია, ხოლო ავს მწვავედ განიცდის.
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ოტია!
დღეს გავიხსენოთ მისი რამდენიმე გამონათქვამი (ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006). მასში ბევრ ჭკუის სასწავლებელს ნახავს კაცი:
ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა-თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!
ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.
ადამიანი ბუნების შვილია. გარემო-ბუნების ხელყოფა მშობლის ხელყოფაა.
ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო. რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.
ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.
არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის....
ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.
ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.
ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.
გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.
დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.
დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.
ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.
ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.
ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.
ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.
ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.
ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.
ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.
ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა - გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია - ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.
მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.
ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.
ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
ჭკუა თავშია და არა ხანში.