„ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად“
16:39:06     20-08-2018
როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გურიის გუბერნატორზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გოცირიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად, პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
„ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა არის ტრადიციული. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ნიშნავენ აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს როგორც მთავრობაში, ასევე რეგიონებში.
რეგიონებს უფრო მართავენ „ოდეერები“, ძალოვანი უწყებებიდან. ჰგონიათ, რომ რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს გუბერნატორების დამოკიდებულებაზე ძალოვნებთან, სუს-თან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად და რაღაც პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან.
ჩვეულებრივი რამეა, რომ გუბერნატორებად, მინისტრებად თუ მოადგილეებად მიჰყავთ თავიანთი ნაცნობები, კლასელები, პარტიის შემომწირველი და ა.შ. როცა პარტიის შემომწირველი ინიშნება თანამდებობაზე, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა და ეს თანხა უნდა ამოიღოს. სწორედ თანამდებობა მიაჩნიათ მათ ფულის ამოღების გარანტიად",- განაცხადა გოცირიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემომწირველია.