მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა

  11:27:07     15-08-2018

გუშინ, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
დაკითხვის დასრულების შემდეგ, მან და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, როგორც ისინი აცხადებენ, სუს-ში დაბარების მიზანი, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, 31 მაისს გააკეთებული განცხადება იყო, სადაც ამბობდა, რომ თანამოაზრეებთან ერთად სუს-ის შენობაში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

"კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ. რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. მე ეს კითხვა გამომძიებლებისთვის არ დამისვამს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დააკავებენ თუ არა.
"ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი უსამართლობა ხდება. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.