სირიაში არეულობა გრძელდება

  10:35:25     15-06-2011

არეულობების და სახელისუფლო სამხედრო ძალების ქმედებების შედეგად, სირიიდან თურქეთში დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი გაიქცა. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ლტოლვილების რიცხვი არ შემცირდება. გაეროს მონაცემებით, ხუთი ათასი ადამიანი ლიბანშია გადასული.

სირიის ჯარებმა კონტროლქვეშ მოაქციეს ამბოხებულების მიერ დაკავებული რიგი ქალაქები. ამ დროისათვის, სამხედრო ძალები ოპოზიციის ფორმირებებს მისდევენ, რომლებმაც თავი მთიან რაიონებს შეაფარეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ კი, ჯარისკაცთა დაკრძალვის კადრები გაავრცელა. როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ეს უსაფრთხოების ძალების დაღუპული თანამშრომლებია, რომლებიც ამბოხებულებმა დახოცეს. 

ამასობაში, თურქული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობებს, რომ ზოგიერთმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა არმია საკუთარი იარაღითურთ მიატოვა და ამბოხებულების მხარეს გადავიდა, თუმცა ოფიციალური დამასკო ამ ცნობას არ ადასტურებს.