ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა
18:48:08     31-07-2018
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნივთმტკიცებად მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები ამოიღეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ე.წ. მაინერების საშუალებით ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილება გამოძიებას სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.