მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კოსმოდრომი
10:24:29     15-06-2011
მას შემდეგ, რაც ადამიანმა კოსმოსში პილოტირებადი ფრენები დაიწყო, უკვე 50-მა წელმა განვლო. ამ დროის განმავლობაში ორბიტაზე ათობით კოსმონავტი და ასობით თანამგზავრი იყო გაშვებული. მაგრამ კოსმოსში მიმავალი გზა სპეციალიზირებული ობიექტებიდან - კოსმოდრომებიდან იწყება.
მათი აშენებისთვის ადგილის შერჩევისას, სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორ ფაქტორს ანიჭებენ. მშენებარე ობიექტი, საიდანაც კოსმოსში რაკეტების გაშვება მოხდება, ეკვატორთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. მეორე ფაქტორი დასახლებულ რაიონებს ეხება - სასურველია, რომ რაკეტის ფრენის ტრასაზე, მათი რაოდენობა მინიმალური იყოს.
პირველი პირობა ფრენის ეკონომიურობით არის განპირობებული. მეორეს შემთხვევაში კი, დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდნილმა რაკეტის საფეხურებმა შესაძლოა მსხვერპლი გამოიწვიოს. ამიტომაც საზღვაო კოსმოდრომის შექმნის იდეა ყოველთვის აქტუალური იყო. მისი შექმნის შემთხვევაში, მისი განლაგება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი კოსმოდრომებისთვის ადგილის მოძიების უმარავ პრობლემას გადაწყვეტდა.
1995 წელს აშშ-მ და რუსეთმა საერთაშორისო კონსორციუმი Sea Launch Company ჩამოაყალიბეს. მასში ამერიკული Boeing Commercial Space Company, რუსული სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია Энергия, უკრაინული საკონსტრუქტორო ბიურო Южное და ნორვეგიული გემთმშენებლი კომპანია Aker Kværner შევიდნენ.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს საზღვაო კოსმოდრომის შექმნის პირველი მცდელობა არ იყო. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ამ თემატიკაზე იტალია მუშაობდა. პროექტი წარმატებული გამოვიდა. კოსმოდრომი, რომელსაც "სან-მარკო" ეწოდა, ორი გადაკეთებული და ერთმანეთთან შეერთებული ნავთობმომპოვებელი პლატფორმებისგან "სან-მარკო" და "სანტა-რიტა" შესდგებოდა. რაკეტების სტარტის საზღვაო პლატფორმას, ტექნიკური უზრუნველყოფის ორი ხომალდი ემსახურებოდა.
მსოფლიოში პირველი მცურავი კოსმოდრომი, იტალიელებმა კენიის სანაპიროს ახლოს განალაგეს. ექსპლუატაციაში ის 1964 წლიდან 1988 წლამდე იყო და მისი ბორტიდან "სკაუტის" ტიპის მსუბუქი რაკეტების გაშვება 24-ჯერ განხორციელდა.
სხვათა შორის კოსმონავტიკის ისტორიაში, პირველი კომერციული საზღვაო სტარტი, 1998 წლის 7 ივლისს შესდგა. მაშინ თეთრი ზღვის აკვატორიიდან, სტრატეგიული წყალქვეშა ნავ Новомосковск-იდან გაშვებულმა რაკეტა-მატარებელმა Штиль, ორი ტელეკომუნიკაციური თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა. ისინი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნოდნენ.
რაც შეეხება ახალ პროექტს, მისი საწყისი ღირებულება 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა და მის მიზანს ახალი საზღვაო პლატფორმის შექმნა წარმოადგენდა.
თავად სასტარტო პლატფორმა 1982 წელს იაპონიაში აშენდა. თუმცა მაშინ მის მცურავ კოსმოდრომად გამოყენებაზე არც არავინ ფიქრობდა. აშენების შემდეგ მას სახელად Ocean Odyssey დაარქვეს და ის თვითმავალ ნავთობმომპოვებელ პლატფორმას წარმოადგენდა.
1988 წელს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვებისას, პლატფორმაზე ძლიერი ხანძარი მოხდა. ავარიის შემდეგ ის სერიოზულ რემონტს საჭიროებდა, რისთვისაც 1992 წელს რუსეთში, ვიბორგის გემთმშენებელ ქარხანაში რემონტზე გადაიყვანეს.
1993 წლის აგვისოში ის კორპორაცია Энергия-ს თვალთახედვის არეში მოხდა. სწორედ მაშინ ნავთობმომპოვებელი პლატფორმის ბაზაზე მცურავი საზღვაო კოსმოდრომის შექმნა გადაწყდა.
1996-97 წლებში, საერთაშორისო კონსორციუმი Sea Launch ჩამოყალიბდა. ცოტა ხანში პლატფორმამ, რომელსაც სახელი შეუცვალეს და Odyssey უწოდეს, ნორვეგიის ქალაქ სტავანერის ვერფში მოდერნიზაციის პირველ ეტაპი გაიარა. მეორე ეტაპი რუსეთში გაგრძელდა. დასრულებული Odyssey-ს სიგრძემ 133 მ, სიგანემ 67 მ, სიმაღლემ კი 60 მ შეადგინა. მისი წყალწყვა 46000 ტ-ს უტოლდება.
მაგრამ უშუალოდ პლატფორმიდან მხოლოდ რაკეტის გაშვება უნდა მომხდარიყო. თავად რაკეტის ტრანსპორტირებისთვის კი ცალკე სპეციალური ხომალდის შექმნა იყო საჭირო.
ამიტომაც, 1997 წელს გლაზგოში, სპეციალური საამწყობრო-სამეთაურო ხომალდი Sea Launch Commander აშენდა. მის ბორტზე განთავსებული აღჭურვილობა და სისტემები რაკეტის საბოლოო აწყობისა და მისი საწვავით გამართვის საშუალებას იძლევა. ამავედროულად ხომალდი მართვის პუნქტის ფუნქციებსაც ასრულებს. აწყობილი რაკეტა სასტარტო პლატფორმაზე, სწორედ ამ ხომალდიდან გადააქვთ.
რაც შეეხება რაკეტა-მატარებელს, მისი სახით რუსულ-უკრაინული Зенит-3SL გამოიყენება. ორსაფეხურიანი რაკეტა თხევად საწვავზე მუშაობს. მისი სახით ჩვეულებრივი ნავთი და თხევადი ჟანგბადი გამოიყენება. რაკეტის სასტარტო მასა 473000 კგ-ია, მისი სიგრძე კი - 59.6 მ-ია. სასარგებლო დატვირთვის სახით რაკეტას ორბიტაზე 6100 კგ-ს გატანა შეუძლია.
რაკეტის მოდიფიკაცია 3SL - სპეციალურად მცურავი კოსმოდრომიდან სტარტისთვის შეიქმნა.
მცურავი კოსმოდრომის განსათავსებლად, შობის კუნძულთან ახლოსწყნარი ოკეანის აკვატორია შეირჩა. 150 წლის განმავლობაში შეგროვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წყნარი ოკეანის ეს რაიონი ყველაზე შორს არის საზღვაო ხაზებიდან.
Odyssey-დან რაკეტის პირველი სტარტი 1999 წლის 28 მარტს შესდგა. მთლიანობაში 2009 წლის 30 აპრილამდე, მცურავი კოსმოდრომიდან 30 გაშვება განხორციელდა.
2007 წლის 30 იანვარს, რიგით 24 გაშვებისას, რაკეტა-მატარებელი Зенит-3SL, რომელსაც ორბიტაზე ჰოლანდიური თანამგზავრი უნდა გაეყვანა, სტარტიდან წამებში აფეთქდა. ძლიერი აფეთქების მიუხედავათ, პლატფორმამ არ დაკარგა ცურვის უნარი და მიწერის პორტში საკუთარი სვლით მივიდა.
უსაფრთხოების მიზნით რაკეტის სტარტისას პლატფორმა ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და მისი პერსონალი Sea Launch Commander-ზე იმყოფება.
უკანასკნელი სტარტი პლატფორმიდან 2009 წლის 20 აპრილს განხორციელდა. ცოტა ხანში კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადა და მას შემდეგ პლატფორმა გამოუყენებელი რჩება.