99 წელი იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან
14:57:48     14-06-2011
პატრიოტიზმი, "ცოტნე დადიანი"
1912 წლის 1 (ახალი სტილით 14) ივნისს თბილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.
გაისად 100 წელის სრულდება მისი გარდაცვალებიდან. იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია რაც თითოეული ქართვლისათვის მესამე მშობელივითაა, თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი შედგენილი "დედა ენა" ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და მისი ძვირფასი სახელი დიდი ილიასა და აკაკის სახელების გვერდით მოიხსენიება.
დაფასებაც არ აკლია ჩვენს დიდ მოღვაწეს. დაბადებიდან 100 წლის თავზე, 1940 წელს მისი ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, მსოფლიოში ბევრს ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც წიგნისთვის ძეგლი დაედგათ. "დედა ენის" ძეგლი კი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. თბილისში და სხვა ქალაქებში არსებობს გოგებაშვილის სახელობის ქუჩა და სხვა. მთავარი კი ისაა, რომ იაკობის საქმე გრძელდება, პატარა ქართველები დედა ენით მიიჩქარიან ისევ სასწავლებელში.
იაკობ გოგებაშვილისათვის პატარა მოწაფის აზროვნების განვითარება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ამიტომ, განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებს გაეცნოთ ბუნება, ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. იაკობ გოგებეშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლებაში შეგნებას, რომელიც მაგალითებით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამიტომ ყმაწვილს კარგად უნდა სცოდნოდა თავისი ქვეყნის საამაყო ისტორია, მნიშვნელოვანი ამბები ქართველთა გმირობისა. ამ საქმის სამსახურისთვის მის მიერ დაიწერა არა ერთი მოთხრობა. მისმა მწერლურმა ნიჭმა სადად, მარტივად და ემოციურად დაუხატა ქართველ მოწაფეებს ეპიზოდები დიდი გმირების, უბრალო ქართველებისა თუ ქართველი დედების ცხოვრებიდან.
განსაკუთრებულია მისი "იავნანამ რა ჰქმნა". მე ვიტყოდი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, სადაც გახსნილია დიდი ფსიქოლოგიური საიდუმლო. ზიგმუნდ ფროიდი ვერ მოიფიქრებდა იმას, რაც შეუძლია ქართულ ენას, ქართულ სიმღერას, ქართულ კულტურას თუ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოვლინებას, იავნანას ქართველი ადამიანისათვის. როგორ წარუშლელად ილექება ბავშვობის ტკბილი და ბუნებრივი, მშობლიური მოგონებები ადამიანის არსებაში, როგორ შეიძლება მშობლიურმა ფესვებმა, კულტურამ მშობლიურ, ბუნებრივ გარემოში დააბრუნოს არა ერთი ფსიქოლოგიური დარტყმით ტრამვირებული ფაქიზი ბუნება ადამიანისა, მით უმეტეს, ბავშვისა.
იაკობ გოგებაშვილი ძალიან კარგად ხედავდა და გადმოსცემდა ქართული პატრიოტიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, რითაც ნამდვილი, ბუნებრივი პატრიოტიზმი უნდა განსხვავდებოდეს შოვინიზმისაგან და იმპერიალიზმისაგან. დიდი იაკობი წერდა: "ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.
ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”…(რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1989, გვ. 235-236).
დღეს, იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 99 წლისთავზე გავიხსენოთ მისი ერთ-ერთი შესანიშნავი მოთხრობა "ცოტნე დადიანი". ცოტნე დადიანის ამბავი ისტორიული ქრონიკიდან მწერალმა გადმოიტანა, მხატვრულად გააცოცხლა და ქართველი ადამიანის აღსაზრდელ ერთ-ერთ უმშვენიერეს ლიტერატურულ ნაწარმოებად აქცია. სწორედ ამაშია მწერლის დანიშნულება, ლიტერატურა ხომ ხალხისათვისაა.
ცოტნე დადიანი
1. მონგოლნი საქართველოში
მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.
თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია მრავალრიცხოვანი და უმძლავრესი მტერი — მონგოლები. ამ ველურმა ხალხმა მოინდომეს საქართველოს დაპყრობა. მათ მოსთხოვეს ქართველებს, ნებაყოფლობით დაგვიმორჩილდითო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. მაშინ მათი ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქართველთა და მონგოლთა შორის. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს, სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავგანწირულნი იცავდნენ, მედგრად ებრძოდნენ მონგოლებს, ჟლეტდნენ მათ. მაგრამ მტრის სიმრავლის გამო ბოლოს მაინც ძლეულნი იყვნენ. გამარჯვებულმა მონგოლებმა იწყეს მბრძანებლობა საქართველოში და სწრაფად შესცვალეს მისი მდგომარეობა. ქვეყანა სწრაფად გააღარიბეს, თავისუფალს ერს ყმობის უღელი დაადგეს.
მტერს მაინც ეშინოდა ქართველების შეერთებული ძალისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩაეშალა ქართველთა შორის ერთობა და ამით ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაეუძლურებინა და დაემონავებინა. ასეც მოიქცნენ, თავისი წადილი სისრულეში მოიყვანეს. ცდილობდნენ ვერაგობით მტრობა ჩამოეგდოთ და იმერნი და ამერნი ქართველნი ერთმანეთთან შეეჯახებინათ. როცა ასე გააცალკევეს ღვიძლი ძმები და დააუძლურეს, მაშინ მოინდომეს მეფე ჩამოეგდოთ, თვითონ ყოფილიყვნენ პირდაპირი მბრძანებელნი ქართველებისა.
2. კრება მამულიშვილთა
ქართველნი მამულიშვილნი ძლიერ სწუხდნენ, როცა ხედავდნენ ქვეყნის განცალკევებას, უმეფობას, სისუსტეს ერისას და სულ იმის ფიქრში იყვნენ, რა ეღონათ. ბოლოს საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო მამულიშვილებმა მოიხმეს ერთმანეთი და მოახდინეს კრება შუაგულს ადგილას, ახალციხის მახლობლად. ისინი ქვეყნის შველაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ბოლოს, ერთხმად დაადგნენ იმ აზრს, იმ გადაწყვეტილებას, რომ წასულიყვნენ ყველანი თავ-თავიანთ ქვეყანაში, აეჯანყებინათ მცხოვრებნი, მოეკრიფათ საჩქაროდ ჯარები და მოესხათ ისინი ახალციხის ახლოს. აქედან შეერთებელი ძალით უნდა გაელაშქრათ მონგოლების წინააღმდეგ, გაერეკათ ისინი საქართველოდან.
3. დატყვევება ქართველებისა
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტნე დადიანი გაეშურა შორეულს აფხაზეთში, რათა დროზე შეეკრიბა ჯარი და ვადაზე მიესწრო დანიშნულ ადგილას. სხვანი ჯერ ერთად იყვნენ და აჯანყების წესსა და რიგს აწყობდნენ. მაგრამ მონგოლებმა ეს ამბავი შეიტყვეს, უთუოდ სულმდაბალი ჯაშუშების შემწეობით. მათ სწრაფად აფრინეს ცხენოსანი ჯარი ახალციხისაკენ. ეს ჯარი მოულოდნელად თავს დაესხა ქართველ მთავრებს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი აქედან წასვლას აპირებდნენ თავიანთ ქვეყნებში მცხოვრებლების ასაჯანყებლად. ქართველებს თან ჯარი არა ჰყავდათ, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დატყვევებულ იქმნენ ყველანი ერთად. ჩვენები მტერმა წაასხა სამხრეთით, სადაც ბინა ჰქონდა მონგოლთა მბრძანებელს ანუ ნოინს. ნოინი რისხვითა და მუქარით დაუხვდა ქართველებს და მოითხოვდა მათგან, გატყდით ახლავე, რომ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდით და თავმდაბლად ითხოვეთ შეწყნარება, თორემ დიდ სატანჯველს მოგაყენებთო. ქართველები არც გატყდნენ და არც შებრალება სთხოვეს. მაშინ ნოინმა უბრძანა თავის მხლებლებს: გააკავეთ ეს ქართველები, დაატიტვლეთ, ყველას თოკებით შეუკარით მკლავები, წაუსვით ტანზე თაფლი, დასხით პაპანაქება მზეზე და იხრაკებოდნენ, ვიდრე არ გამოტყდებიან და შეწყნარებას არ მოითხოვენო. ეს ბრძანება იმწამსვე შეასრულეს. აუარებელი მწერი დაეხვია მათ ტანზე და სტანჯავდა. მტერს ეგონა, ქართველები მალე შეუშინდებიან წვალებას, თავისავე პირით აღიარებენ თავის ბრალსა და ხვეწნას დამიწყებენო; მაგრამ ამაოდ. გავიდა მრავალი დღე და ქართველთა სიმტკიცე იოტის ოდენადაც არ შერყეულა. ვერც მუქარამ და ვერც მომსყიდველმა დაპირებამ მათ ვერ ათქმევინა ის, რაც უნდოდათ მწვალებლებს.
4. თავდადება ცოტნესი
ამასობაში დადგა ის დრო, როდესაც პირობისამებრ უნდა შეყრილიყვნენ საქართველოს მთავარნი თავიანთი ჯარებით ახალციხის ახლოს; აქ დანიშნულ ვადაზე ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ჯარით, მაგრამ ნაცვლად თავმოყრილი ქართველი ლაშქრისა, მას დახვდა საზარელი ამბავი. მან იმწამსვე მიიღო იმისთანა მაღალი და საკვირველი გარდაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სამაგალითო მამულიშვილს და ყოვლად ღირსეულ ვაჟკაცს. თავისი ლაშქარი მთლად უკანვე აფხაზეთში დააბრუნა, თვითონ კი გასწია ანისისაკენ ორი მოსამსახურით იმ განზრახვით, რომ მისულიყო დატყვევებულ ქართველებთან და ჭირსა და ტანჯვაში მათთან ყოფილიყო.
ცოტნემ გაიარა მესხეთი ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთს და შევიდა სომეხთა დედაქალაქ ანისში. ერთ დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ-შეკრულნი ისხდნენ მზის გულზე და იხრაკებოდნენ. საშინელმა წუხილმა შეიპყრო გმირული გული ცოტნესი, როცა ამისთანა დამამცირებელ მდგომარეობაში ნახა წარჩინებული ქართველნი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძნო, რადგან დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი.
ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; მერე ფიცხლავ გაიძრო თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკებით მკლავები და ჩაჯდა ამ სახით თავის მეგობრებს შორის დაღონებული. როცა ეს ამბავი ნოინს მოახსენეს, იგი საშინლად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი, რად მოვიდა აქ და რად ჩაჯდა გატიტვლებულ ქართველთა შორის. ცოტნემ მიუგო: მე მოვედი იმიტომ, რომ ჩემი ამხანაგები უდანაშაულონი არიან. უდანაშაულოთა დასჯა კი თუ შეიძლება, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო.
ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული აფხაზეთით მოვიდა ეს დიდებული კაცი, რათა თავი დასდოს მეგობრებისათვის, ამიტომ ვენდობი მეც მათ და ვანთავისუფლებ ყველასო.
ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან.
ტყვეობიდან დაბრუნებულნი ქართველნი შეუდგნენ ქვეყნის გაძლიერებას, დაამყარეს ამერთა და იმერთა შორის ძმური კავშირი და ერთობა, და განდევნეს თავისი ქვეყნიდან მონგოლნი.