კობა ჭუმბურიძის რამდენიმე ლირიკული ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
14:54:02     14-06-2011
კობა ჭუმბურიძეს უკვე იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი. 28 აპრილს გამოვაქვეყნეთ მისი ლექსი "ლუარსაბ მეფისა”, ციკლიდან - "მეფეთა წიგნი”, მკითხველს შევთავაზეთ მასთან ინტერვიუც. დღეს გთავაზობთ კობა ჭუმბურიძის ლირიკულ ლექსებს.
ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ პოეტის პოეტობა შეიცნობა ლირიკაში, მისი მამულიშვილობა კი პატრიოტულ ლექსებში. ჩვენს თანამედროვე პოეტს, კობას არც ერთი აკლია და არც მეორე. მას ორიგინალური პოეტიკა აქვს და გამომსახველობის ძალიან კარგი მანერა, მდიდარი ლექსიკა. რაც მთავარია, ახასიათებს ქართველი კაცისათვის აუცილებელი დადებითი ნიშან-თვისებები: ნიჭიერება, როგორც ვთქვით, პატრიოტიზმი, აღფრთოვანებისა და სხვისი ნიჭის დაფასების უნარი, თავმდაბლობა... მისი შემოქმედების წარმოდგენას ჩვენი მკითხველებისთვის ისევ განვაგრძობთ, ისევე, როგორც სხვა, ჩვენი თანამედროვე შესანიშნავი პოეტებისას.
იმედი გვაქვს, რომ თანამედროვე ქართული პოეზია მკითხველს ისევე მოეწონება, როგორც წინა საუკუნის თუ უფრო ადრინდელი პოეტების ლექსები. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა კობა ჭუმბურიძის წინამდებარე ლექსებს წაიკითხავთ.
აქეთ მო
რა საოცარი ჩამოწვა ღამე, თვალის მოხუჭვის ნუ გაქვს იმედი. მინდორს ვარსკვლავად აყრია ნამი, ცას ეტოქება სიციმციმეთი,
მომიჯექ, თავი დამადე მხარზე, რომ შენი კოცნის მწვავდეს ცდუნება და ცეტი სიოს გამოქროლვაზე ფოთლის ყოველი გაფაჩუნება გაკრთობდეს, რათა ჩამეკრო მაგრად, მექცე გიზგიზად და ჟრუანტელად, რომ სინამდვილე ამიხდეს ზღაპრად, სულს დაეფინოს ბიბა ფარტენად.
სხივთა არილი განთია თმებზე მთვარეულ ვერცხლით ნაგვირისტალი…
მე შენთან ერთად სასწაულს შევძლებ, წყალზე გავიარ, ფრენას ვისწავლი.
მე შენთან ერთად სამყაროს შევცვლი, სულ სხვა ფერებით ავაფერადებ, გულს ფიანდაზად გაგიგებ ფერხთით, მაღლით დაგხურავ ცაიერადებს.
მე შენთან ერთად სიცოცხლეს შევქმნი და ციხე-კოშკად აღვემართები, ერთსულ და ერთხორც ვიქნებით, როცა ეს ყველაფერი დაგვემართება.
აქეთ მო, თავი დამადე მხარზე, რომ მოფერების მწვავდეს ცდუნება და სიოს ყოველ გამოქროლვაზე შენი კულულის მოლამუნება სუნთქვას მიკრავდეს, სამანს მიშლიდეს მაგ თვალთა შუქის უცხო ჯავარი, რომ ჩაგიკონო მაგრად გულში და ჩურჩულით გითხრა სიტყვა მთავარი – მიყვარხარ…
გინდა ღიმილის დაფარვა
გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ.
ატმის ყვავილი
როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
კესანეს გაღვიძებისა
ამ გორისა, კორკორისა, მშვენებაა კესანეო, პაწაწინა სარკე ცისა, საფირონად მკვესარეო, თითქო სიოც მისად ქრისა, ნამიც მისად გადმოდისა, იმოდენა იმაქნისა, ლექსად გამაქეზა მეო.
დედოფალი სიტურფისა და ფერია სინაზისა, გაგაქეზებს, მა რას იზამს, ცვარნამს მძივად რომ აისხამს და იმ ჟანტის ანაბზინით შემოგცინებს დილასისხამს, სიკამკამით მინანქრისა, პაწაწინა კესანეო.
როდის
ტელეფონის ზარს ველი. ნახევარია ცხრის. გარეთ კი ქარი ქრის, ვით მელოდია ძველი. თან ისე წვრილად ცრის, რომ ჰაერია სველი.
ძნელია, ძალზე ძნელი, ლოდინი შენი ხმის.
წვიმა, ვით ცრემლი წმინდა, მტირალა ღრუბლის შვება, მოღაპაღუპობს ციდან და ცხელ მინაზე შრება.
მოუსვენარობს ქარი და მასთან ერთად ფრი-ფრის ეს დამღალავი ჯარი ფორიაქის და ფიქრის.
ბინდი მოხშირდა ღამის, დრო სწრაფად მიიპარება, მიუხედავად ამის, თვალს რული არ ეკარება.
შენ კი, ყინულო ლამის, ისეთი ხარ უკარება… ნუ დამანატრებ ღიმილს, მაღირსე გამოდარება.
ახლა მივლულავ თვალებს და ისე ცხადად გხედავ… თუმც მოფერებას შენსას ვერც ოცნებაში ვბედავ. შენ კი ცხრაკლიტულს კეტავ, ქავი გარტყია ლოდის. ეს სიყვარულიც ნეტავ ტკივილით რატომ მოდის…
შეაფათქუნებს იჩქით ამ გაუსაძლის ლოდინს ერცახე ჩქამი ჩიტით დაფეთებული ტოტის.
როდის დარეკავ, როდიიის?…
წაბლისთაფლისფერთვალავ
მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.
მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.
ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.
მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას,
რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის…
გაჩუქებ ვერცხლის წვიმას
და ტბაზე ბილიკს მთვარის,
ცისკრის ვარსკვლავის ციაგს,
ციმციმს კამკამა ჩქერის,
ნავარდით დაღლილ ნიავს,
ათინათსა და ჩეროს
და, უპირველეს ყოვლის,
ვაშლის ყვავილის თოვლის
ქარქარა ნამქერ–ნამქერ
ბილიკებს გაგიკვალავ…
ჩემი ოცნების ქალავ,
წაბლისთაფლისფერთვალავ…