მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან

  15:37:55     24-07-2018

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნა, მათ მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე, არ დააკმაყოფილა. პროცესს მერაბ მორჩაძე ესწრებოდა. 

სხდომაზე არ გამოცხადდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

„კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომ მერაბ მორჩაძე იმყოფებოდა მის ახლო ნათესავებთან სახლში, მაქსიმალურად ეცადა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს სასამართლო პროცესზე შეეცვალა ჩვენება, ეს ბუნებრივია ფაქტობრივ საფუძველს იძლევა იმისა, რომ კონკრეტული ქმედება არის განხორციელებული, რასაც სასამართლოში შემდგომ, ბუნებრივია ეცდება ბრალდების მხარე, რომ არსებითი განხილვების პროცესში დაადასტუროს,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

განცხადება გააკეთა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა, რომელმაც მერაბ მორჩაძის ქმედებები ახსნა. 

„კონკრეტულ შემთხვევაში, სიდუხჭირეში მყოფ ოჯახს, ეხმარებოდა და ეხმარება ბატონი მერაბ მორჩაძე და მისი ოჯახი. დადასტურებული ფაქტია, რომ გარკვეული სახის ნათესაური კავშირი წლების განმავლობაში არსებობს ამ ადამიანებს შორის და უდაოდ დადასტურებული ფაქტია მოწმეთა გამოკითხვებით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს იმის, რომ ბატონ მერაბ მორჩაძეს, მის ოჯახს დახმარება გაუწევია თუნდაც ფინანსური სახის,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.