რატომ ესროლა პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში, სასიკვდილოდ - რას მალავს შსს?

  12:57:56     23-07-2018

კრიმინალური შემთხვევა მოხდა ფოთში. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, პოლიციამ ახალგაზრდა ეჭვმიტანილი თავის არეში მძიმედ დაჭრა. დაჭრილი მოგვიანებით გარდაიცვალა.

პოლიციელის მიერ მძიმედ დაჭრილი ეჭვმიტანილი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

„პაციენტი უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში დაგვხვდა. თავზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა. 

ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის სტაციონარში. 

მოგვიანებით პაციენტი ზუგდიდის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. 

პოლიციელს ჩვენი დახმარება არ დასჭირვებია, მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა", - განაცხადა ექიმმა.

მართალია, შსს აცხადებს რომ პოლიციის მხრიდან კანონი არ დარღვეულა და სამართალდამცველები ეჭვმიტანილის დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა, კითხვები, რომელიც გაჩნდა, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. 

კერძოდ: რამდენად აუცილებელი იყო გასროლა, რომელიც პოლიციელმა განახორციელა? 

რატომ ესროლა პოლიციელმა ეჭვმიტანილს თავში, სასიკვდილოდ?

მიუხედავად იმისა რომ შსს აცხადებს, თითქოს პოლიციელს, მოკლულმა, ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენა ჭრილობა, ექიმთა განცხადებით, სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

პროკურატურამ კი, გამოძიება არა პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, არამედ, ქურდობის მუხლით დაიწყო. 

ეს კი, დიდი ალბათობით, იმაზე მიგვანიშნებს რომ პოლიციელების ბრალეულობის შემთხვევაშიც კი, ხელისუფლება, ისრების სხვა მიმართულებით გადატანას აპირებს.