"ჯერ რაიანი მოკლა, შემდეგ - ბავშვი, მერე გაქცეულ ლორას გაეკიდა, გააუპატიურა და წყალში დაახრჩო"

  18:07:43     22-07-2018

ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ გარდაცვლილი სმიტების ოჯახის წევრების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გაავრცელა. კვლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა და მისი მიხედვით, გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დნმ-ია აღმოჩენილი, რაც გაუპატიურებაზე მიანიშნებს.

მედიასაშუალებებში ვრცელდება წყაროს მიერ მოთხრობილი დეტალები, რომელიც დაკავებულმა მალხაზ კობაურმა გამომძიებლებს, სავარაუდოდ, დაკითხვაზე საკანში მოუთხრო.

ამ დეტალების მიხედვით, ირკვევა, რომ უკვე დადგენილია, რომ კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ ბავშვი თოფის მიბჯენით, ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალი, რომელმაც ხეობაში გზები და ბილიკები არ იცოდა, გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა და ვეღარსად წავიდა. ჩიხში მოექცეულს კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. დადგენილია, რომ ქალი ასფიქსიითაა გარდაცვლილი.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობაურის საქმის ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ ის კობაურს აღარ დაიცავს.