ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მამა ცოლის დაჭრისთვის სასჯელს იხდიდა

  16:21:41     09-07-2018

რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა, იორამ კობაური სასჯელს ცოლის დაჭრისათვის იხდიდა. კობაურმა ციხეში 2 წელი გაატარა.

ბრალდებულის მამა ამბობს, რომ ის შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"მეზობლებისგან გავიგე რაც ხეობაში მოხდა. რომ გავიგე ფეხები მომეკვეთა, მის შემდეგ აღარ ვარ ცოცხალი კაცი. ჩემი შვილი ისეთი ბავშვი იყო, ზედმეტად არავის არაფერს კადრებდა. არც სიგარეტს ეწეოდა, არც სვამდა. სოფელში იკითხეთ, როგორი იყო. რა მოხდა იქ არ ვიცი და არც მჯერა, რომ ჩემი შვილი ვინმეს მოკლავდა“, - ამბობს კობაური.

ამასთან, ბრალდებულის მამა კატეგორიულად უარყოფს, იმ მოსაზრებას, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური გავლენა ოჯახში მომხდარმა ინციდენტმა იქონია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, იური კობაურმა მეუღლე დაჭრა და სასჯელის სახით 2 წელი საპატიმროში გაატარა. იგი ამჟამად, თავისუფალია.

კობაურები აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორიდან წილკანში, საძეგურის დევნილთა დასახლებაში დასახლდნენ. ოჯახს 6 შვილი ჰყავს. ბრალდებულ მალხაზ კობაურს საშუალო განათლება არ აქვს და მას სკოლაში საერთოდ არ უვლია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.