მაშველებმა ტაილანდის მღვიმიდან კიდევ 2 მოზარდი გამოიყვანეს

  15:38:17     09-07-2018

ტაილანდში რამდენიმე საათია მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გამოყვანის ოპერაცია განახლდა. 

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მღვიმიდან კიდევ 2 ბავშვი გამოიყვანეს. ახლა მღვიმის გარეთ სულ 6 მოზარდია, მაშველებს კიდევ 6 მათგანი, ასევე 25 წლის მწვრთნელი ჰყავთ გამოსაყვანი. 

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა მღვიმიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს, თუმცა ტაილანდის ფლოტმა მხოლოდ 4 მათგანის გადარჩენა დაადასტურა. 

დღესვე Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა წყალქვეშა ნავი დატესტა, რომლითაც ბავშვების გამოყვანა უნდა მოხდეს, თუმცა, ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები ამ ნავის გამოყენების შესახებ. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 7 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.