ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტების 4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

  10:34:05     09-07-2018

დღეს გავრცელებული ინფორმაციიით, მთიულეთში, ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. გავრცელებული ცნობით, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. მკვლელობაში ბრალდებულია 19 წლის მწყემსია, გვარად კ-რი. ის დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

6 ივლისს, 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს იპოვეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. მაშველები ბავშვს 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა.  ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.