რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დაღვარა

  18:52:05     04-07-2018

პირი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი ნივთიერება დაღვარა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე მოიწამლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.