„ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს“
10:57:37     03-07-2018
ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოლამ-რეზა ჯალალიმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მეტეოროლოგიურ ომს აწარმოებს.
როგორც ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, „სიონისტური მტერი კლიმატის მანიპულირებას ახორციელებს და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას, ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს“.
„კლიმატური ცვლილებები ირანში ეჭვებს იწვევს. სახეზეა გარე ძალების ჩარევა. ისრაელმა და ჩვენს რეგიონში კიდევ ერთმა სახელმწიფომ თავიანთი ძალები გააერთიანეს და იმაზე მუშაობენ, რომ ირანის თავზე ღრუბლებმა წვიმა არ მოიტანონ“, - განაცხადა გენერალმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანში გვალვის მიზეზს გარე ძალებში ეძებენ. კერძოდ, 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ევროპა დაადანაშაულა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებაში, რაც, მისი თქმით, წვიმის მოსვლას ევროპის თავზე იწვევდა.