ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და მის მეუღლეს საგამოძიებო კომისია დახურულ ფორმატში გამოკითხავს
13:17:13     29-06-2018
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი მეუღლე მკვლელობის თვითმხილველები არიან.
მისივე თქმით, ათეულობით სხვა თვითმხილველი არსებობს, რომელთა მოძიება ერთ-ერთი მიმართულებაა რომელზეც კომისია მუშაობს.
„რომელი მოწმეებიც გამოძიებას არ დაუკითხავს, რომლის არსებობის შესახებაც ჯერ ჩვენთვისაც კი შეიძლება უცნობი იყოს. ამიტომ კომისიის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვეცდებით, ასეთი თვითმხილველები გამოვავლინოთ და მათგან მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ, რისი მიწოდებაც მათ შეუძლიათ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, სავარაუდოდ არსებობს მკვლელობის ათეულობით თვითმხილველი, რომლებიც გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა, რადგან როგორც აბესაძე ამბობს, შსს-ს წარმომადგენლები არ დაინტერესებულან.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის გამოკითხვა მედიისთვის დახურულია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.