საგამოძიებო კომისია სახალხო დამცველს და არასამთავრობოებს მოუსმენს

  12:04:14     28-06-2018

​ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შაბათს სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება.

"კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ საქმეში მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს და ეს იქნება გაცილებით ვიწრო ფორმატში. ასევე შეხვედრები გვექნება სრულწლოვან თვითმხილველებთანაც. კომისიის სრულ ფორმატში შეხვედრა შაბათს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან გაიმართება. ამის შემდეგ კომისიის წევრები დეტექტივების კონკრეტული ჯგუფის უფროსს გამოვკითხავთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.