"ვისურვებდი, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში იყოს გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის, რუსი პოლიტიკოსები"

  16:12:27     26-06-2018

საპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი პოლიტიკოსებიც შევიდნენ.

"ევროპული საქართველოს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სურვილის მიუხედავად, სია იყოს რეალისტური, რათა მეგობარმა სახელმწიფოებმა შეძლონ სიაში მოხვედრილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესება.

"მთავარი სამუშაო არის  ის, რომ ამ სიამ მოიტანოს რეალურად შედეგი, ანუ შეუქმნას კონკრეტული პრობლემები მათ შორის, მძიმე პრობლემები, იმ ხალხს ვინც მოხვდა ამ სიაში. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სიაში იყოს გაცილებით უფრო ადამიანი და მათ შორის, რუსი პოლიტიკოსები.  თუმცა, წინასწარ მიჭირს კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ ამავდროულად  სია უნდა იყო რეალისტური ისე, რომ სახელმწიფოებმა მოახერხონ ამ სიაში ჩამოთვლილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

„ნაციონალურ მოძრაობის" წევრების შეფასებით,  ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უფრო მეტად პოლიტიკურ- მორალური დოკუმენტია, სადაც ძირითადი სანქცია არის ვიზებზე უარის თქმა.

„ეს ადამიანები ვერ შევლენ ევროპის ან სხვა სახელმწიფოებში თუ კი ეს ქვეყნები მას აღიარებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე უფრო ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი სიის გაფართოება და იმ ადამიანების მასში   მოხვედრა, რომლებმაც უშუალოდ კი არ ჩაიდინეს დანაშაული , არამედ ირიბად არიან რაღაც ფორმით კავშირში რაღაც ფორმით მსგავს ქმედებებთან,“-განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი მოხვდა. შავ სიაში შევიდა ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. მათ შორის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებიც არიან.

დანარჩენი 30 ადამიანის გვარი კი გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც მთავრობა რეზოლუციას, პარლამენტს გადაუგზავნის.