რა გახდა სოზარ სუბარის გაშვების მიზეზი?

  15:05:58     26-06-2018

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მოქმედი მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას - ჯანდაცვის სამინისტრო.

რა გახდა რეალურად სოზარ სუბარის მთავრობის გაშვების მიზეზი? გავიხსენოთ მოვლენები, რომელიც სუბარის სახელს უკავშირდება.

ცნობილია, რომ სოზარ სუბარი გარეულია ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმის - ხორავას ქუჩის მკვლელობის ფალსიფიკაციაში. სუბარი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ნათესავია. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ სუბარის დახმარებით მოაგვარა მირზა სუბელიანმა მინისტრ წულუკიანთან და ყოფილ მთავარ პროკურორ შოთაძესთან რამდენიმე უკანონო მოთხოვნა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია.

სუბელიანის მოთხოვნა იყო, რომ არ დაეჭირათ მისი შვილი მკვლელობის ბრალდებით, არ დაეჭირათ მისი ნათესავი კალანდია მკვლელობის ბრალდებით, გაენადგურებინათ მტკიცებულებები, არ ამოეღოთ სწრაფად ვიდეო-კამერების ჩანაწერები და არ დაეკითხათ მოწმეები.

სამაგიეროდ, სუბარმა მათ მისცა გარანტია რომ სუბელიანი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს არ გამოაჩენდა.

დანაშაულის დასაფარად ხელისუფლებას სწორედ სუბარის პოლიტიკური სცენიდან გაქრობა სურს, რათა მიიჩქმალოს ეს ფაქტები, რაც სწორედ მისი მინისტრობიდან ჩამოშორებით გამოიხატება.