„მთავრობის წინააღმდეგ აქციებს არ დავიწყებ, მაგრამ სამთავრობო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ“

  13:53:01     26-06-2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგი გაასაჯაროვა, თუმცა არ დააკონკრეტა სახელები და გვარები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ. 

პრემიერის განცხადებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მისივე თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე.

Presa.ge „ქართული ოცნების“ დეპუტატს ნუკრი ქანთარიას ესაუბრა:

- ვიდრე მამუკა ბახტაძე სტრუქტურული ცვლილებების კონცეფციას წარმოადგენდა, მანამდე ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მცირე ნაწილი, მათ შორის თქვენ, ეწინააღმდეგებოდით განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმას. ახლა როგორია თქვენი პოზიცია?  

- მთავრობის შემცირებულ შემადგენლობას მივესალმები, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებას. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც გამოხატავს ეროვნულ იდენტობას, არის კულტურის სამინისტრო. ქართული მათემატიკა, ქართული ბიოლოგია და ა.შ. არ არსებობს, ანუ განათლებას არა აქვს ქართული იდენტობა. თუ კულტურას განვიხილავთ არა მხოლოდ ზოგადი დეფინაციით, არამედ, როგორც შემოქმედებებით აქტივობას: ქართული კინო, ქართული მუსიკა, ქართული თეატრი, ფოლკლორი და ა.შ. ამ მიმართულების ჩაკარგვა განათლების ოკეანეში, აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ პრობლემა თავს იჩენს მოგვიანებით.

- რაში შეიძლება გამოიხატოს პრობლემა, აღარ იარსებებს ქართული ფოლკლორი, ქართული კინო, ქართული მუსიკა და ა.შ.?

- თეორიულად კარგად ჟღერს, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული და ჯანსაღი თავია, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან ძნელი იქნება და მიხვდებიან, რომ ეს არის შეცდომა.

- როდესაც სტრუქტურული ცვლილებების თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, თქვენი არგუმენტაცია პრემიერ-მინისტრს არ შესთავაზეთ? 

- მე ჩემი არგუმენტებით დავუსაბუთე, რატომ იყო მიუღებელი ამ სამინისტროების შერწყმა. პრემიერს შევთავაზე, რომ სახელოვნებო მიმართულებები გამოყოფილიყო ცალკე, თუნდაც დეპარტამენტის სახით და პირდაპირ მას დაექვემდებარებინა, განათლებას წაეღო სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ბევრია კულტურის სამინისტროში სიპების სახით, იგივე ბიბლიოთეკები. მამუკა ბახტაძემ ჩაიწერა რაც ვუთხარი და თქვა, ვიფიქრებო. როგორც ჩანს ვერ იფიქრა, ან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან დღეს არ უხსენებია არაფერი.

- გასაგებია, რომ სამინისტროების შემცირება მთავრობის მოქნილობაზეა გათვლილი, მაგრამ საინტერესოა, რატომ შეირჩა განათლებისა და კულტურის სამინისტროები შესაერთებლად?

- როგორც ჩანს, ძალიან პრიმიტიულად, მონათესავე უწყებებად ჩაითვალა, მაგრამ კულტურა ტერმინის დონეზეც აღარ იქნება ნახსენები. პარლამენტში გვაქვს, განათლების, კულტურის, სპორტის კომიტეტი, მაგრამ სიტყვა „კულტურას“ პარლამენტში არავინ არ ამბობს. ამბობენ: განათლების სხდომაა, განათლებაში მივდივარ და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ვერ გავექცევით. ვნახოთ, კიდევ რა მიზნები აქვთ, მაგრამ მე ვერც გავიზიარებ და ვერც მონაწილეობას მივიღებ ამ გადაწყვეტილების დაკანონებაში.

- როგორ ფიქრობთ, რა მიზანი უნდა იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან, იმის გარდა, რომ  მობილური მთავრობის შექმნით საბიუჯეტო თანხები დაიზოგება და  სახელმწიფო სტრუქტურების ეფეტქურობის ხარისხი ამაღლდება?

- მიზანი კეთილშობილურია, უნდათ, რომ ერთიანად მოხდეს დარგების განვითარება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთი დარგების ერთობლივად განვითარების მიზნით, ასეთი რამ პრინციპულად მიუღებელია. შეიძლება რაღაც თანხები დაიზოგოს, გასაუქმებელია რაღაც სიპები და ალბათ, გაუქმდება. არც არავინ ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო იდეალური იყო, მაგრამ განათლების სამინისტროსთან ერთად, კულტურა სხვა ხარისხში გადავა და ერთმანეთს კი არ შეუწყობენ ხელს, პირიქით, ერთმანეთს დააზარალებენ.

- დაუჭერთ თუ არა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს, როცა მას პრემიერი პარლამენტში წარმოადგენს?

- რა თქმა უნდა, მხარს  არ დავუჭერ და არც განხილვებში მივიღებ მონაწილეობას. მე ვუთხარი მამუკა ბახტაძეს რომ თუ ასე იქნებოდა, მე ვერ გავიზიარებდი პასუხისმგებლობას, თუმცა, მთავრობის წინააღმდეგ კამპანიას და აქციებს ვერ დავიწყებ.