
გედევან ფოფხაძე: იყოს გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ ჩვენს გარეშე
15:27:10     25-06-2018
„ქართულ ოცნებაში“ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე მიმდინარე კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება.
გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
Presa.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს ესაუბრა:
- მმართველი გუნდის ლიდერები არ აღიარებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებას ხსნიან ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მოტივითდა პარალელურად ამბობენ, რომ ეს ცვლილებები არ გამოიწვევს საკადრო რეორგანიზაციას. ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტების ფონზე, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?
- პოლიტიკური კრიზისი სხვა რამ არის. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ამ პრობლემების მოგვარების სისტემური მექანიზმი სწორად არ მუშაობს. საჭიროა ამ პრობლემებზე რეაგირების უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნა. აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკა ბახტაძეს იმაში, რომ გადაწყვეტილებას როცა ვიღებთ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროით ცაში არ უნდა გამოეკეროს. პრობლემაზე მყისიერ რეაგირებას აქვს ფასი, თორემ, თუ რაღაც გიჭირთ და 5 თვე არავინ დაგეხმარათ, მერე, შეიძლება ამ დახმარებას აზრი არ ჰქონდეს. კრიზისზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ასეთი მიდგომით თუ არ ავამუშავებთ ყველა სამინისტროს, პრობლემების გადაწყვეტის გაჭიანურება, შემდგომში შეიძლება პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.
- თქვენი კოლეგა დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თუ მთავრობის ახალი გუნდი კრიზისს ვერ დაძლევს და საზოგადოების ინტერესს არ გაითვალისწინებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. ეთანხმებით მას?
- გარდაუვალობაზე საუბარი არა მგონია, რომ სწორი იყოს. თუმცა, იმისთვის, რომ უფრო დინამიური პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, ვადამდელი არჩევნების საკითხი დაისმება, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. რას გვაძლევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ახალ საპარლამენტო გუნდს პარლამენტში. ე.ი. პრეტენზია არის საპარლამენტო გუნდის მუშაობაზე და საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოება ხმას ვის მისცემს, არის უკვე გამოკვეთილი სუბიექტი?
- იქნებ, უკვე არსებობს მონახაზი, პერსპექტივა რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეიქმნება მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ჩაანაცვლებს ამ ორ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით აღარ სარგებლობს?
- ვერ ვიქნები ასეთი კატეგორიული და ვის რა უნდა, ძალიან კერძო მსჯელობის საგანია. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებული უმრავლესობა ვერ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს, ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და თუკი, ასეთი შეთანხმება არსებობს, მაშინ არც ერთმა დეპუტატმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არ უნდა ვიყაროთ, არც პარტიული სიით და არც მაჟორიტარად. თუ პოლიტიკური გუნდი არ ვარგა, არათუ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე, არამედ საერთოდ ახალ პერსონალიებზე უნდა ვილაპარაკოთ. რა გვინდა გავაკეთოთ და რას ვერ ვაკეთებთ? თუ გვინდა, რაღაც გავაკეთოთ და არსებული პოლიტიკური გუნდი ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაშინ უნდა გაკეთდეს წყალგამყოფი, დავფიქსირდეთ ვისაც ასეთი მოსაზრება გვაქვს, ვთქვათ, რომ აი, ეს რომ არ კეთდება, ამის ბრალია და მოსახლეობა ვერ იღებს იმ პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმს, რომელიც სჭირდება და მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში, უმრავლესობამ დაშლის პროცესი დაიწყოს?
- ამჟამად, ახალი მთავრობის შემადგენლობაზეა საუბარი. ახალი შემადგენლობა, ახალ შანსს ყოველთვის იძლევა და როგორ გამოიყენებ ახალ შანსს, შენზეა დამოკიდებული. ვერ გამოვიყენებთ და მაშინ იყოს, გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ ჩვენს გარეშე. ანუ იმ ადამიანების გარეშე, ვინც ვაღიარებთ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოლიტიკური მოცემულობა, თუკი გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
- რა უნდა იყოს ეს კონკრეტული ნაბიჯები?
- პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო ხალხზე ორიენტირებული, ვიდრე ბანკებზე, ძლიერ კომერციულ სტრუქტურებზე. გასაგებია, რომ ეკონომიკაში მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, მაგრამ ისინი არ უნდა ქმნიდნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამინდს, ისინი არ უნდა მდიდრდებოდნენ უფრო მეტად, როცა ადამიანები ელემენტარული შემოსავლის წყაროს კარგავენ. შევცვალოთ ეს მიმართულება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.