
„გიორგი გახარია ეკონომიკის სამინისტროში რომ წაიყვანონ, მაინც მოვითხოვ მის გადადგომას“
17:01:02     22-06-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ის შს სამინისტროს გამოძიებას არ ენდობა, რადგან ამ ეტაპზე ნათელია, რომ გამოძიება წინ ვერ მიიწევს.
იგი მიიჩნევს, რომ შს მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვონ.
PRESA.GE ზაზა სარალიძეს ესაუბრა:
- თქვენ კომისიის სხდომაზე თქვენი შვილის ორ მეგობარზე ისაუბრეთ, ვინც უნდა მოვიდეს კომისიაში ჩვენების მისაცემად. იმედი გაქვთ, რომ დათანხმდებიან ისინი პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას?
- მოსვლას და ინფორმაციის მიწოდებას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით, მაგრამ მთავარია სიმართლე გამოიკვეთოს.
- სხვადასხვა ეპიზოდებში არაერთხელ და კრიტიკულად ახსენეთ პროკურორი ზვიად ფხაკაძე, რა მოთხოვნა გაქვთ მასთან მიმართებაში, ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს?
- ჩემი აზრით, ზვიად ფხაკაძე პროკურატურაში საერთოდ აღარ უნდა იყოს. მასზე რეაგირება წესით ზემდგომებს მაშინ უნდა მოეხდინათ, როცა პროცესზე განაცხადა: დღეს იკითხება ბრალდებული ჯანაშიაო. მარტო გვარის დასახელების გამო უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, დანარჩენი ბრალეულობა რა გამოიკვეთება, დაველოდოთ.
- სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ყველა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მკვლელების გამოვლენა კომისიის ფორმატში, შესაძლოა, გაჭირდეს. მიზეზი კი ის არის, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოძიების მასალებში არ არის. ამ ნაწილში რისი იმედი გაქვთ?
- დრეც ვამბობდი და გავიმეორებ, რომ მოწმეები, ნივთმტკიცებები არ არსებობს და ე.ი. მკვლელებიც არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი ალაპარაკდეს, რაც ძალიან მეეჭვება, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესზე ჩვენებები მიცემულია და გამეორებით რომ სხვა ჩვენება მისცენ, მხოლოდ ამის გამო იქნებიან ყველანი პასუხისგებაში მისაცემი. მკვლელებზე რომ გავიდეთ, მიმაჩნია, რომ სწორედ მაღალჩინოსნებიდან უნდა დაიწყოს ყველანაირი დანაშაულებრივი წვლილის გამოკვეთა ვინ რა ჩაიდინა და ვინ შეეცადა საქმის შეკერვას. ზუსტად აქედან გავალთ.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელახლა იძიებს მკვლელობის საქმეს. ახლა რა ხდება და თქვენ რის იმედი გაქვთ?
- ამ დრომდე, რა ეტაპზეც არის გამოძიება, არანაირი იმედი არ გამჩენია. ისევ პირდაპირ და მეათასედ გავიმეორებ, რომ გიორგი გახარია თანამდებობისთვის შეუფერებელია.
- რატომ?
- ბევრი მიზეზი არსებობს. მისმა უწყებამ დაიწყო გაყალბება, მერე კვირიკაშვილთან თავის მართლებას მოჰყვა, პროკურატურამ ძალიან მალე წაიღო საქმე და არანაირი უფლება არ გვქონდა უარი რომ გვეთქვაო. მერე თეა წულუკიანი გამოდის და იძახის კვირიკაშვილი შეცდაო და .ა.შ. მიმაჩნია, რომ არც გიორგი გახარია და არც თეა წულუკიანი დასატოვებლები არ არიან.
- ანუ ამ ორი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ისევ აყენებთ?
- რა თქმა უნდა! იქიდან გამომდინარე, რომ წულუკიანის დანიშნული იყო, ის შოთაძე ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ ამ საქმეში დანაშაული მიუძღვის, ისე ვის მიუძღვის და გამოდის, რომ თვითონ წულუკიანსაც მიუძღვის წვლილი. გახარიამ კიდევ პირდაპირ დაიწყო საქმის გაყალბება და არც კი მომისმინა. ჩვენი არჩეული არ არის მთავრობა და მინისტრები? მე თუ არ მომისმენენ, ხალხს თუ არ მოუსმენენ აბა, ვის უნდა მოუსმინონ?
- როგორც იცით, მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე კვირაში ხელახლა უნდა დამტკიცდეს და გამოდის, რომ წულუკიანი-გახარიას გადადგომის მოთხოვნა ისევ დღის წესრიგში გაქვთ?
- რა თქმა უნდა! ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ სად გადაიყვანენ. გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში რომ წაიყვანონ, მაინც მოვითხოვ მის გადადგომას.
- როცა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, მაშინ გიორგი გახარია მინისტრად რამდენიმე დღის დანიშნული იყო. როცა მის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, ამ ფაქტორს თუ ითვალისწინებთ?
- ვითვალისწინებ და იცით რა ნაწილში? ახალი დანიშნული რომ იყო და შუა ქალაქში ასეთი რეზონანსული დანაშაული რომ მოხდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უფრო მეტად უნდა აეღო.
- როცა მკვლელობა მოხდა, არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ახალი მინისტრი ელემენტარულად სამინისტროს შიდა ვითარებაშიც ვერ ერკვეოდა?
- მაშინ განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა, ვითომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ დანაშაული გახსნილიყო და საქმე გამოძიებულიყო. 150 მოწმე დავკითხეთ, არ ითანამშრომლეს და შედეგს მაინც მივაღწიეთო, არ უნდა ეთქვა. შოთაძის არ იყოს, ხმამაღლა და წინასწარ რომ აცხადებდა, გამორიცხულია, ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებაო.