ტეხასში ვიზიტისას მელანია ტრამპი ZARA-ს ქურთუკზე წარწერის გამო გააკრიტიკეს
12:25:30     22-06-2018
აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ტეხასს ეწვია, სადაც მან ის ცენტრი მოინახულა, რომელშიც არალეგალი მიგრანტების შვილები იმყოფებიან, რომლებიც ოჯახებს დააშორეს.
ტეხასში ჩასვლამდე მელანია ტრამპი Zara-ს ქურთუკით დააფიქსირეს, რომელსაც ზურგზე აქვს წარწერა „მე არ მადარდებს, შენ?“. ქურთუკმა სოციალურ ქსელებში პირველი ლედის მისამართით კრიტიკის ტალღა გამოიწვია.
პირველი ლედის სპიკერმა განაცხადა, რომ წარწერა „დაფარულ მესიჯს“ არ შეიცავს. კრიტიკას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც:
„მე არ მადარდებს, შენ?“ წარწერა მელანია ტრამპის ქურთუკზე შეეხება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ მედიას. მელანიამ ისწავლა, თუ როგორი უნამუსოების არიან ისინი და მას ნამდვილად აღარ ადარდებს!“ - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატში მექსიკის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის საწყობში განთავსებულ გალიებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ბავშვია. ისინი ოჯახებს დააშორეს, რადგან "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში მათი ოჯახის წევრები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს.