რომან გოცირიძე: ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერი ძველმოდური იდეებით

  12:41:15     20-06-2018

ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ -მინისტრი, ძველმოდური იდეებით - ის პროგრამა, რომელიც გაგვაცნო, არის უკან გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. 

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ახალი მთავრობა ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების გამტარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს და სიღარიბეს.

„რაც შეეხება პერსონალურ შემადგენლობას, ეს არის ამორტიზებული მთავრობა, მორალურად გაცვეთილი, რომელსაც არ აქვს რესურსი და არ აქვს შანსი ქვეყანა წაიყვანოს წინ. ხალხი ითხოვდა ძალადობრივი სისტემის შეცვლას, მაგრამ ეს ყველა მინისტრი რჩება და რეალურად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება აბუჩად აიგდო, ვინაიდან მან გაბედა და წარმოადგინა ისევ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მიმართული იყო საზოგადოების პროტესტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.