რომან გოცირიძე უმრავლესობაზე: ცხვარი ცხვარია, თუ გაბრაზდა, ცხარიაო

  13:22:19     19-06-2018

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ინიციატივა ჩააგდონ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა იმ გადაწყვეტილებით, რომ ორი კვირის განმავლობაში მინისტრების ნაწილს სხვა ადამიანებით ჩაანაცვლებს, შემდეგ გააუქმებენ სამინისტროებს და ამ გაუქმებულზე სხვა პირებს დანიშნავენ.

დღეს პარლამენტში ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობით დამტკიცებისთვის, საკომიტეტო მოსმენები გაერთიანებულ სხდომაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ არც ტექნიკურ მთავრობას, არც მამუკა ბახტაძეს და არც სამი კვირის შემდეგ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს, საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.

„სასაცილო ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ ორკვირიანი მინისტრები თურმე ჩანაცვლდებიან სხვებით, სამინისტროებს გააუქმებენ და ამ გაუქმებულზედანიშნავენ სხვებს. იბადება კითხვა, ამას ამტკიცებს პარლამენტი და ნუთუ მთავრობას უმრავლესობის დეპუტატები ჰგონიათ ცხვრები. ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა ცხარიაო. რამდენჯერმე გაბრაზდნენ ესენი, კონსტიტუციაც ჩააგდეს, გენდერული კვოტების კანონიც ჩააგდეს და რომ ვერ გავიდეს სტრუქტურული ცვლილებები მაშინ რა ხდება?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.