„სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დარგი მნიშვნელობას დაკარგავს“

  16:55:44     18-06-2018

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. 

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილია, ყველა ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

ასევე ცნობილია,  რომ პარლამენტს  სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა. 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

PRESA.GE პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ესაუბრა:

- უკვე ცნობილია, შემადგენლობა, რომლითაც დროებითმა მთავრობამ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება უნდა ითხოვოს. ამის მიუხედავად, მმართველ გუნდში ბუნდოვანება შეიმჩნევა და ბევრი კითხვის ნიშანი უპასუხოდ  რჩება. რა არის ამი მიზეზი? 

- პირველ ეტაპზე, როგორც პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, იმისათვის, რომ კანონი იქნეს დაცული, მთავარია, რომ პრემიერ-მინისტრს მიეცეს უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ყველა პროცედურას ჩვეულებრივად გავივლით, მაგრამ იმ პირობით, რომ სამი კვირის განმავლობაში, მამუკა ბახტაძე წარმოადგენს სახეცვლილ მთავრობას, სტრუქტურას, და შესაბამის საკადრო ცვლილებებს. ამ დროის განმავლობაში, კონსულტაციები იქნება. ხვალ საკომიტეტო განხილვა, საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გაეცნოს იმ ადამიანების მოსაზრებებს, ვინც კონკრეტულ სამინისტროებს წარმოადგენს. ვგულისხმობ, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს

- იქიდან გამომდინარე,  რომ მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილებები და 14 სამინისტროს 11-მდე შემცირება, არსებობს წინასწარი ინფორმაცია, ვისაც უშუალოდ შეიძლება შეეხოს ის. თქვენი აზრით, რომელი მოქმედი სამინისტრო აღარ არის საჭირო?

- ​ყველა დარგი საჭიროა, მაგრამ დარგობრივი პრინციპით თუ გავყვებით, 30-მდე სამინისტროს მივიღებთ. სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დარგი მნიშვნელობას დაკარგავს. 

​- საუბარია, რომ შესაძლოა, განათლებისა და კულტურული სამინისტროები გაერთიანდეს, სასჯელაღსრულების იუსტიციას შეუერთდეს და ენერგეტიკის  ნაწილი ეკონომიკის სამინისტროდან გადავიდეს ინფრასტრუქტურაში. გაქვთ თუ არა, შესაბამისი ინფორმაცია?

-​ გიდასტურებთ, რომ ამის თაობაზე, მოსაზრებები იყო გამოთქმული, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. სამი კვირის განმავლობაში ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება.

- ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების შეერთებაზე მსჯელობა თუ იყო კონსულტაციების რეჟიმში?

​​- მოსაზრება გამოითქვა გაერთიანებაზე, მაგრამ მოსაზრებების დონეზე ბევრი საკითხი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ გეუბნებით, რომ ვაცადოთ საკითხების სიღრმისეული განხილვების პროცესს.
​- როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ყველა სტრუქტურული ცვლილება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის მოტივით არის ნაკარნახევი. როგორ ფიქრობთ, რას შედეგს მოიტანს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება?

- სამინისტროების ხელმძღვანელი აპარატის შენახვა სახელმწიფოს გარკვეული თანხა უჯდება და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შესაბამისი პროცენტი უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფო სტრუქტურაზე. არა მგონია, რომ დრამატული ცვლილებები იქნება საკადრო რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა რაციონალიზაცია გამოიწვევს მნიშვნელოვანი თანხების ბიუჯეტიდან დაზოგვას. დეტალების შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისაუბრებს.