
სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია
15:49:37     18-06-2018
„ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია, როგორ გადაანაწილებს მათ დაფაზე, თავადაც არ არის ჩამოყალიბებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილების შეფასებისას საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
როგორც სერგო რატიანმა Presa.ge-სთან საუბარში განმარტა, ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის, რომელი სად უნდა დადგეს.
„არც პაიკი და არც ოფიცერი თავისით არ დადის, ხოლო როგორ გადააადგილებს და რა ხედვა და სტრატეგია ექნება ბიძინა ივანიშვილს, იცის მხოლოდ მან, თუმცა როგორც ჩანს ამ შემთხვევში თავადაც არ იცის“- განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.
მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება, 14 სამინისტრო 11 გახდება.