
„მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილმა ჯერ არ უთხრა, როგორი უნდა იყოს მინისტრთა კაბინეტი“
15:38:50     18-06-2018
ახალი მთავრობის დამტკიცებაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო, თუმცა გასარკვევია, ვინ შეასრულებს მინისტრების მოვალეობებს გარდამავალ პერიოდში.
უკვე ცნობილია, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის კანდიდატურა იქნება დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის კანდიდატურად კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად დავით ზალკალიანი დასახელდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე იმაზე საუბარი თუ რომელიც სამინისტროები გაუქმდება, ნაადრევია.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის სამინისტროების შემცირება მისაღებია.
სამინისტროების შემცირების წინააღმდეგი არც სპარლამენტო ოპოზიციაა, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ისინი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებენ.
PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელს ესაუბრა:
- როგორ აფასებთ მთავრობის შემადგენლობისა და სტრუქტურული რეფორმის იმ მონახაზს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს წარმოადგინა?
- სრულიად უცნაური რამ ხდება და ეს აჩვენებს, რომ ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არა აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, როგორი უნდა იყოს მინისტრთა კაბინეტი და რა კონფიგურაცია უნდა განხორციელდეს. ეს მიანიშნებს, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილმა კი წარმოადგინა პრემიერად, მაგრამ ჯერ არ უთხრა, როგორი უნდა იყოს მინისტრთა კაბინეტი.
- იზიარებთ თუ არა მინისტრთა კაბინეტის შემცირების ინიციატივას, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან ერთად, სამი სამინისტროების რესტრუქტურიზაციასაც გულისხმობ?
- ესეც აჩვენებს, რომ პოზიციები ჯერ არა აქვთ ჩამოყალიბებული, რადგან რთული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები. ამ გადაწყვეტილებასც პრემიერობის კანდიდატის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარე მიიღებს. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძველი, რომ ვთქვათ, ჯერ შემოვიდნენ ძველი კანდიდატებით და შემდეგ იყოს სტრუქტურული ცვლილებები, რადგან სამინისტროები იცვლება. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რას გააკეთებს მთავრობა და როგორ გააერთიანებს სამინისტროებს ისე, რომ თან ბიუროკრატიული ხარჯები დაიზოგოს და თან მთავრობა იყოს ფუნქციონალური.
- მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ოპოზიციის ნდობა ექნება თუ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პერსონებზე, რომელსაც მამუკა ბახტაძე პარლამენტში წარმოადგენს?
- ოპოზიციის მხრიდან მთავრობას არასდროს არა აქვს ნდობა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ქრესტომათიის ამბავია. ან კოალიციაში უნდა იყო და პასუხისმგებლობა აიღო მთავრობაზე. ჩვენ პასუხისმგებლობას ამ მთავრობაზე ვერ ავიღებთ. ჩვენ პასუხისმგებლობას მაშინ ავიღებთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.
- რა აზრი გაქვთ, თავად მამუკა ბახტაძეზე, რომელსაც ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მორჩილების პირობებში იმაზე ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილს?
- პირადად არ ვიცნობ მამუკა ბახტაძეს. რამდენჯერმე პარლამენტში იყო მოსული და შეკითხვები მქონდა. ვიცი, რომ მანამდე იყო „რკინიგზაში“, ფინანსთა მინისტრობისას მისი მუშაობა ძალიან ხანმოკლეა და ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს. რა იდეებიც მამუკა ბახტაძემ გაახმოვანა, ამას ნებისმიერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იტყვის. დღეს, მთავარია, საქმის კეთება ვინ იცის და თავს როგორ გაართმევს, ამას კი მხოლოდ დრო გვაჩვენებს.
- მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, უმრავლესობა თავს იკავებს პერსონიფიცირებისგან და ელოდება, რომ მამუკა ბახტაძემ თავად დაასახელოს ისინი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ იმ მინისტრების მომავალზე, რომელთა მიმართ პრეტენზიები არსებობდა ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში?
- სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ პრობლემებს თავისთავად აგვარებს. ერთი მხრივ, ალბათ, კანდიდატებს იოლად მოძებნიან, მეორე მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, დააკმაყოფილებენ. თუნდაც , სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების შეერთების შემთხვევაში, შეიძლება თეა წულუკიანის პრობლემა უფრო იოლად გადაწყდეს, რომელიც ხელისუფლებას დღეს პრობლემის სახით აქვს. მთავრობის სურვილია, კადრების გადანაცვლებაში ნაკლებად დაზიანდეს, საზოგადოების დიდ ნაწილს კი, ბევრი მიზიზი აქვს იმ პრეტენზიებისთვის, რაც გააჩნია.
- ფიქრობთ, რომ თეა წულუკიანი ორი სამინისტროს შეერთების შემთხვევაში თანამდებობას შეინარჩუნებს?
- მე ვფიქრობ, რომ თუკი პარლამენტში შემოვა ამ ორი სამინისტროს გაერთიანების საკითხი, თეა წულუკიანი მინისტრი აღარ იქნება.