
გია ვოლსკი: ვერ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი არ ვარ
18:14:54     15-06-2018
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარუდგინა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.
Presa.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:
- რისი მოლოდინი არსებობს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით და მოიაზრებიან იქ თუ არა ახალი სახეები, როგორც ეს კულუარულად გახდა ცნობილი?
- ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, რასაკვირველია, განსჯის პერიოდში გარკვეული გვარებიც არის დასახელებული, დასახელებულია ცვლილებების შესაძლო ვერსიებიც. მიმდინარეობს ანალიზი და წინასწარ გარკვეული მოსაზრებების და გვარების დასახელება, ვიდრე ახალი პრემიერ-მინისტრი თვითონ არ წარმოადგენს თავის მოსაზრებებს, ხელისშემშლელი იქნება.
- ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან. დაუჭერდით თუ არა მხარს მათ კანდიდატურებს?
- წინა კომენტარიდან გამომდინარე, ნებისმიერ სხვა განმარტებას კონკრეტული გვარების განხილვასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. სხვასაც იგივეს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაღრმავდება ამ საკითხებში.
- არაერთი მოსაზრება გამოითქვა მომავალი მთავრობის შემადგენლობასა და ამოცანების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ახალ მთავრობას, ახალი სახეები, რაზეც აქცენტი კეთდება თუ სხვაგვარი პოლიტიკა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს?
- მინისტრთა კაბინეტს სჭირდება ახალი ენერგია, გარკვეული პროგრამების განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ ახლა, ან გუშინდელ შეხვედრაზე წარმოადგინა მამუკა ბახტაძემ, არამედ, რამდენიმე შეხვედრის პერიოდში, რომელიც უმრავლესობის ფორმატში გვქონდა ამ ხნის განმავლობაში.
- პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებებს მასკარადი უწოდა, დღეს კი განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას არ ეთანხმება, მაგრამ ხელს მაინც მოაწერს...
- პრეზიდენტის კომენტარები მის თანამდებობას არ შეესაბამება დაწყებული მასკარადიდან, დამთავრებული მისი სურვილების მისსავე ქმედებებთან დაუმთხვევლობით.
- არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტში მოხვდნენ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი. იგულისხმება თუ არა კონკრეტული პირი, რომლიც უკვე გახმაურდა უმრავლესობის შეკრებებზე?
- ხშირად, ლოგიკური დასკვნები კეთდება. კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული. როდესაც ჩვენ თავდაპირველად მოვილაპარაკეთ, რომ ყველა კანდიდატურა, რომელსაც უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს, წარუდგენს მამუკა ბახტაძეს, რა თქმა უნდა, ისინი სრულფასოვნად იქნება განხილული, მათთან ერთად, ვისაც მისაღებად მიიჩნევს მამუკა ბახტაძე ან შესაცვლელად, ან დასატოვებლად. ნამდვილად ვერ დაგისახელებთ რა შედეგი იქნება საბოლოოდ, რადგან კონსულტაციები ჯერ არ შემდგარა. მე პირადად ამ საკითხზე მოსაზრებები არ გამაჩნია.
- მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადადგა, გაჩნდა მოსაზრება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მის გუნდად მოაზრებულმა ნაწილმა, შესაძლოა, სამომავლოდ ცალკე ფრაქციის შექმნაზე იფიქროს. რამდენად შესაძლებელია, რომ მმართველ გუნდში მსგავსი პროცესი განვითარდეს?
- ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი არ ვარ, თუმცა ჩვენი მეგობრობა საქმესთან კავშირში არ არის. არა მგონია, რომ პარლამენტის შემადგენლობას ასეთი სურვილი ჰქონდეს. მთავარია, რა ნაბიჯები და გადაწყვეტილებები წაადგება საქმეს და ქვეყანას.
- დღეს იყო ბოლო ვადა, როცა საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციის თანახმად, მთავრობიდან პარლამენტში უნდა გადმოგზავნილიყო ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზოარიას სია. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობამ ამ ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ეს გარკვეულწილად, სამთავრობო ცვლილებამ განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე წინ მიდის და მე უფრო მეტს ვილაპარაკებდი, როგორ შეფასდა ამ რეზოლუციის შინაარსი ევროპარლამენტის ფორმატში.