ახალ მინისტრთა კაბინეტში, შესაძლოა, უმრავლესობის რომელიმე წევრმა გადაინაცვლოს

  13:37:12     15-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში, შესაძლოა, უმრავლესობის რომელიმე წევრმა გადაინაცვლოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა "პრესა.ჯი"-სთან  საუბრისას არ დააკონკრეტა, რომელი სამინისტრო შეიძლება ჩაიბაროს პარლამენტის წევრმა, თუმცა არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, შესაძლოა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნას შერჩეული.

"მინისტრთა კაბინეტი ძირითადად ძირითადი სამი ბლოკისგან შედგება: ეს არის სოციალური და კულტურული ბლოკი, ძალოვანი და ეკონომიკური და მოსალოდნელია, რომ რაღაც ცვლილებები ყველას შეიძლება შეეხოს,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.

პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს.