ვინ შეცვლის თეა წულუკიანს?

  15:07:57     14-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში სხვა მინისტრებთან ერთად აღარ იქნება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მას შემდეგ რაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მთავრობის მთელ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას რამდენიმე მინისტრი ვერ შეინარჩუნებს და მათ შორის არის თეა წულუკიანი.

როგორც "პრესა. ჯი"-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მოქმედი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც განიხილებიან.

"ახალი წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა კონკრეტულად ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას და ვინ იქნებიან ახალი სახეები, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. ის მოთხოვნები, კრიტიკა და არგუმენტები რომელიც თეა წულუკიანის მიმართ არსებობდა და რის გამოც გარკვეული ჯგუფები არასამთავრობოების ითხოვდნენ მის გადადგომას, მე პირადად, უსაფუძვლოდ მიმაჩნია,“- განაცხადა გიორგი კახიანმა.


შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, - განაცხადა თეა წულუკიანმა და განმარტა, რომ ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.

"პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას შეგვახსენა, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და პარტია, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მათ შორის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ძირითადი კანონი სახელმწიფო კონსტიტუცია.

სამთავრობო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ მოდელში, საპარლამენტო რესპუბლიკაში იღებს მმართველი პარტია, ანუ პარტია, რომელიც არის უმრავლესობით, შესაბამისად მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანის შემცვლელი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, შესაძლოა ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აღმოჩნდეს.

ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად პარლამენტმა მთავრობის მთლიან შემადგენლობაც უნდა დაამტკიცოს.