
კობა ნარჩემაშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მადის საკითხია
14:36:39     12-06-2018
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება, რომლის თანახმად, პრემიერთან ერთად, შესაძლოა რამდენიმე მინისტრიც გადადგეს
კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს პერიოდში შესაძლოა, გადადგეს. წყაროს მიხედვით, იგეგმება მთლიანად მთავრობის კაბინეტის ხელახლა ფორმირებაც.
აღნიშნულ ინფორმაციას მმართველ გუნდში ჯერ არ ადასტურებენ. PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა:
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება სამთავრობო ცვლილებები კავშირში იმ მოვლენებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში?
- არ მაქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სხდომა სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, მაგრამ არა მგონია, რომ თუკი სამთავრობო ცვლილებები მოხდება, ის რამენაირად დაუკავშირდება ბოლო დროინდელ მოვლენებს. მე ისიც არ ვიცი, იქნება თუ არა ცვლილებები. თუ იქნება, მაშინ საამისოდ, კონკრეტული აუცილებლობაც იქნება.
- ბოლო მოვლენებმა უკანა პლანზე გადაწია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო კამპანიის თანმხლები პროცესი, რომელსაც თან სდევს ხოლმე საკადრო გადაადგილებები მთავრობაში. გამორიცხავთ, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებთან იყოს დაკავშირებული?
- საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად შორს, არის რომ ეს თემა აქტუალური არც მანამდე ყოფილა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თუკი სამთავრობო ცვლილებები იქნება, ის პირდაპირ კავშირში იყოს იმ პროცესებთან, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ვითარდება.
- პრემიერ-მინისტრის გარდა საუბარია იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე. ეს მოთხოვნები აქტუალური იყო სწორედ ზაზ სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე. იქნებ, ხელისუფლბამ სწორედ ამ მოვლენების ფონზე დაინახა ცვლილებების აუცილებლობა?
- ძალიან გამიჭირდება მსჯელობა ამ თემაზე, თუმცა უმრავლესობის სხდომის შემდეგ მეტი მეცოდინება. იქნებ, საერთოდ არც იყოს ამ საკითხზე საუბარი.
- ფიქრობთ, რომ განვლილი ორი კვირის მოვლენები მმართველი გუნდის არა მხოლოდ შემადგენლობაზე, არამედ მართვის ფორმასა და დამოკიდებულების ცვლილებებზეც უნდა აისახოს?
- სურვილი მაქვს, რომ განვლილმა პროცესებმა სამართალწარმოების სფეროში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. მინდა, რომ გვქონდეს უფრო გლობალური ხედვა სამართალწარმოების პრობლემებთან დაკავშირებით, ინსტიტუციურად გადავჭრათ ეს საკითხები და არა კონკრეტული პერსონების ხარჯზე. ინსტიტუციურად ისე უნდა დაიხვეწოს სამართალწარმოების სისტემა, რომ ასეთი შეცდომებისა და ხარვეზებისგან დაზღვეული ვიყოთ მომავალში.
- რამდენად ადეკვატური გგონიათ სისტემური პრობლემის ფონზე, თუნდაც იგივე მთავარი პროკურორის გადადგომა. როდესაც საუბარია პასუხისმგებლობაზე, კონკრეტული თანამდებობიდან პირის გადადგომა საკმარისია?
- სამართალწარმოებაში დაშვებული შეცდომების გამო, რომ მთავრობის გადადგომაზე ვიმსჯელოთ, სრული აბსურდი მგონია. ზოგადად, ასეთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები მე წინა ხელისუფლების დროს არ მახსენდება. საზოგადოებაში არსებობს ნაწილი, ვინც ნამდვილად არ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ პრობლემაზე, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი გადადგეს. მე ამას კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს.
- აქციებზე საუბარი იყო არა მხოლოდ მტავრობის გადადგომაზე, არამედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც..
- პოლიტიკური მადა შეიძლება ვიღაცას გაეხსნას, მაგრამ ამისთვის წინაპირობაც უნდა არსებობდეს. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მადის საკითხია, თორემ პოლიტიკური პროცესი რომ ვადამდელ არჩევნებს არ ითხოვს, ამაში დარწმუნებული ვარ.
- სამთავრობო ცვლილებების შემთხვევაში, რამდენად მოგეწონებოდათ ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე?
- მგონია, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორია, რადგან პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, რა პოზიტივი ჰქონდა მთავრობას, რა არ ჰქონდა, რა შეძლო, რა ვერ შეძლო. აქ საუბარი უნდა შეეხოს გაკეთებულ, ან ვერ გაკეთებულ საქმეს, სადაც პერსონებზე საუბარი ძალიან ზედმეტია. პირადად ჩემთვის, პერსონებზე საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩემთვის მთავარია მთავრობის კომპლექსურად მუშაობის ეფექტურობა.