"შსს-ში მირზა სუბელიანთან ალბათ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მის დაკავებასთან დაკავშირებით“

  12:18:12     08-06-2018

ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა, გუშინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სუბელიანთან მის დაკავებასთან დაკავშირებით.

"თქვენ გგონიათ, რომ 9 საათი ჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას? მე არ მგონია რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით დაეკავებინათ თუ არა. პირველი დაკითხვაა ზოგადად გრძელვადიანი და მერე ინფორმაციის დაზუსტებები ხდება, რაც დაახლოებით 1 ან 2 საათს გრძელდება", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ მაღალჩინისნებზე ჯერ არ გასულა და როგორც კი გამოავლენს ვინმეს საჯაროდ დაასახელებს ყველას.

ამასთან როგორც სარალიძემ აღნიშნა, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დაკავება მან პირველივე დღეს მოითხოვა, მაგრამ ფაქტია რომ ის არ დაუკავებიათ.