მირზა სუბელიანი კითხვაზე - შესაძლოა თუ არა ბრალი წაუყენონ: შეუძლებელი არაფერია
00:48:24     08-06-2018
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვს დაწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ხელწერილი მაქვს გაუთქმელობაზე, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, გავეცი შესაბამისი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები, გავეცი პასუხები“,- განაცხადა მირზა სუბელიანმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბრალი წაუყენონ, სუბელიანი აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
„შეუძლებელი არაფერი არ არის, შეიძლება გავიდე და მანქანა დამეჯახოს“,- განაცხადა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათისთვის მივიდა. პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი შსს-ში გამოკითხვაზე ცხრა საათზე მეტხანს იმყოფებოდა. უწყებაში ის ადვოკატის გარეშე შევიდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.
ნახეთ სტატია: აი, რატომ და ვისი მოთხოვნით მალავს ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელებს