
"ეს, ფაქტობრივად, სხვა არაფერია თუ არა, არსებული სისტემის დანგრევა"
15:12:16     07-06-2018
ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და იმ პროცესზე საუბრობს, რომელიც ახლა ვითარდება.
„პრესა.ჯი“: ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს. სისტემის დანგრევისაკენ მოუწოდა ხალხს შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემაც. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
[I=2]გიორგი კაპანაძე: პროცესი, რომელიც დაიწყო, აუცილებლად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება. შეიძლება ითქვას რომ ხელისუფლებას სულ რამდენიმე გამოსავალი აქვს და ყველა მათგანი ცვლილებების შესაძლებლობას გულისხმობს.
ხორავას ქუჩის მკვლელობა ბევრად მეტია, ვიდრე მოკლულთა ოჯახების ტრაგედია. მომხდარმა დაგვანახა რომ ხვალ, შესაძლოა, სხვასაც იგივე დაემართოს და ახლა უკვე მას დაუპირისპირდეს სისტემა.
რა მოხდა? მოკლეს ორი არასრულწლოვანი. სისტემამ კი, იმის გამო რომ ადრე ჩადენილი დანაშაული დაეფარა, მკვლელები დამალა.
კერძოდ: წლების წინ, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს. მირზა სუბელიანი მაშინ სასჯელაღსრულების მაღალჩინოსანი იყო. ის ფლობს მერაბიშვილის გაყვანის კადრებს...
ხოლო, როცა აღმოჩნდა რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მისი შვილისა და ნათესავების გვარებმა გაიჟღერა, სუბელიანმა ხელისუფლება დააშანტაჟა და უთხრა რომ თუ მათ შეეხებოდნენ, მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის კადრებს გაავრცელებდა, რაც პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევდა.
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრების გავრცელება, მარტო მინისტრ სუბარს, ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დარბაისელს არ გადაიყოლებს.
ამიტომ, ხელისუფლება იძულებული გახდა, დაჰყოლოდა სუბელიანის შანტაჟს, რათა დაეფარა წარსულში ჩადენილი დანაშაული ახალი დანაშაულით - მკვლელების დამალვით.
ეს უკვე სისტემური დანაშაულია და ამიტომ, ზაზა სარალიძე სრულიად სამართლიანად ითხოვს მის დანგრევას.
- ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პრემიერი შეხვდა და მან, შვილმოკლულ ოჯახებს დახმარება აღუთქვა...
- კვირიკაშვილმა რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნები შეასრულოს, საჭიროა:
1. დაიჭირონ დავით სარალიძის მკვლელები.
2. ბრალი წაუყენონ მირზა სუბელიანისა და სასულიერო პირის შვილებს.
3. დაიჭირონ მირზა სუბელიანი (არა მოჩვენებითი, არამედ, რეალური ბრალდებით).
4. დაიჭირონ შოთაძე.
5. დაიჭირონ ყველა ის გამომძიებელი, ვინც მტკიცებულებები გააყალბა, დააზიანა, გააქრო.
6. დაიჭირონ შსს-ს ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი - ფარდული დაანგრევინეს.
7. დაიჭირონ სხვა წვრილფეხობები, ვინც საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.
8. დაიჭირონ ის სპეცრაზმელი, რომლის ტყვიამაც იმსხვერპლა თემილრალ მაჩალიკაშვილი.
9. დაიჭირონ ის პირი, ვინც პანკისის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
10. დაიჭირონ ყველა ის მაღალჩინოსანი, რომლებსაც ზემოთჩამოთვლილები ხელს დაადებენ, დაპატიმრებისა და ბრალის წარდგენის შემდეგ... (ხომ წარმოგიდგენიათ რა გვარები გაჟღერდება?).
ეს, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა, არსებული სისტემის დანგრევა და შეუძლებელია კვირიკაშვილი ამაზე წავიდეს. პრემიერი ეცდება როგორმე დრო გაწელოს, რათა საპროტესტო მუხტი ჩააქროს.
- შეძლებს ხელისუფლება საპროტესტო ტალღის განეიტრალებას?
[I=3]- ზაზა სარალიძემ, რომელიც უკვე იქცა შეუპოვრობისა და სამართლიანობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ, ბოლო სატელევიზიო ეთერში განაცხადა რომ თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ე.ი. არ დაიჭერენ მირზა სუბელიანსა და სხვებს, კვლავ მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და სისტემის დანგრევისაკენ.
ჯერჯერობით, პროკურატურას მსგავსი ნაბიჯები არ გადაუდგამს. თუმცა, რომც გადადგას და მაგალითად, მირზა სუბელიანი დააკავონ, ეს იქნება მოჩვენებითი პროცესი და ამით არავინ მოტყუვდება, რადგან სასამართლოს განაჩენით ვნახეთ რომ მკვლელები ჯერ კიდევ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.
მოსამართლემ პირდაპირ თქვა, რომ ბრალდებულებს შორის დათუნა სარალიძის მკვლელები არ არიან. მან ვერ გაბედა „გაეპრავებინა“ პროკურატურის ვერსია. არასრულწლოვანს 13 ჭრილობა აქვს მიყენებული და გვეუბნებიან რომ „მკვლელი არ არსებობს“.
ასე რომ, არათუ ვერ შეძლებენ საპროტესტო ტალღის განეიტრალებას, არამედ, გაცილებით მეტ საფუძველს მისცემენ ხალხს - ქუჩაში გამოვიდეს, რაც სხვათაშორის, სულ რამდენიმე დღის წინ, პრემიერის არასამთავრობოებისადმი გამოქვეყნებული პასუხითაც გამოჩნდა.
შესაბამისად, სიტუაცია არის საგანგაშო, სისტემა შევიდა ჩიხში და ახლა, დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
- არასამთავრობოები წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, პრემიერი უარზეა...
- არასამთავრობოებსა და საზოგადოებას ლეგიტიმური საფუძველი აქვთ მოითხოვონ იუსტიციის მინისტრის გადადგომა.
პროკურატურაში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, სწორედ თეა წულუკიანია პასუხისმგებელი.
თუმცა, პრემიერი, რომელსაც აქციაზე ათი ათასობით ადამიანმა არ მოუსმინა, მის მოხსნაზე უარს ამბობს.
მეტიც, "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ თავის არაპოპულარულ განცხადებაზე, რომელიც დაცინვის ობიექტი გახდა, კვირიკაშვილმა ჩვენი ფული დახარჯა, რათა ინტერნეტ ბოტებით მოემატებინა ე.წ. ლაიქები.
წარმოიდგინეთ, ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც ერთი მხრივ, ხელს აფარებს პროკურატურის სისტემის შემქმნელ წულუკიანს და მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 450 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ასობით ათას ლარს ხარჯავს ინტერნეტ ბოტებზე.
- მრავალათასიან აქციაზე ის ადამიანებიც იდგნენ, რომლებიც წინა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. მათ მიმართ ასეთმა პრეტენზიამ გაიჟღერა: მაშინ სად იყავით, როდესაც გირგვლიანის ტრაგედია მოხდა?
- ეს კითხვა, პირველ რიგში, თბილისის მერს, კახი კალაძესა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა დავუსვათ. კალაძე და ივანიშვილი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროსა და მის შემდეგაც, წინა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს და მათ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდნენ.
[I=4]თუმცა, არანაირი გამართლება არ აქვს შერჩევით სამართალს, რასაც სხვათაშორის, დღესაც ვაწყდებით.
მაგალითად, ისინი, ვინც გირგვლიანის ტრაგედიას აქტიურად აპროტესტებდნენ, თან პოლიტიკოსებთან ერთად, ახლა ჩუმად არიან.
არადა, არც მაშინ უნდა გავჩუმებულიყავით და არც ახლა უნდა გავჩერდეთ.
ვითხოვდით იმ სისტემის დანგრევას? დაინგრა, თუმცა, ავაშენეთ ახალი სისტემა, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელებს აფარებს ხელს.