ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, დამატებით ერთი ბატალიონი გაიგზავნება
19:37:19     09-06-2011
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ, არაოფიციალურად გახმაურებული ინფორმაცია ISAF–ის სამშვიდობო მისიით, ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, დამატებით ერთი ბატალიონის უახლოეს მომავალში გაგზავნის ფაქტი, დღეს დადასტურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, „ნატო“-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა, თავდაცვის მინისტრების დონეზე ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, დღეს, ალიანსის შტაბ-ბინაში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე „ნატო“-ს არაწევრ ქვეყნებთან, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სხდომის გახსნისას თქვა – „ჩვენ პროგრესს უკვე მივაღწიეთ, განსაკუთრებით კი ტრანზიციის და ავღანელი სამხედროების მომზადების პროცესში, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება” - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, ალიანსი საშუალებას არ მისცემს თალიბებს ავღანეთი მათი თავშესაფარი გახდეს, მათ შორის ჰელმანდსა და ყანდაღარში“. თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას და „ნატო“-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლის, დევიდ პეტრეუსის შეხვედრაც შედგა. შეხვედრაზე, ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ ისაუბრეს. დამატებით, მეორე ბატალიონი ავღანეთში მომავალ წელს გაემგზავრება. გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, თანაც ამ გზით, ქართველი სამხედროები, უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ.
ბაჩო ახალაიამ და დევიდ პეტრეუსმა საქართველოში „ნატო“-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრეს. ცენტრის შექმნის საკითხში, საქართველოს, „ნატო“-ს სრული მხარდაჭერა აქვს.
დევიდ პეტრეუსმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ISAF-ის მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის.