"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატების ხელფასები არ გაიზრდება"

  12:33:38     07-06-2018

პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტარებს ხელფასები გაეზრდებათ, ტყუილია.

"რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.

კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით", - წერს ჩუგოშვილი.