უორმაგდებათ თუ არა დეპუტატებს ხელფასები? - გიორგი კახიანის განმარტება

  19:50:47     06-06-2018

„პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ ყოფილა. უფრო მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, პარლამენტის წევრთა ხელფასი არცერთი თეთრით არ გაზრდილა“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტში, დეპუტატებისთვის გასამრჯელოს გაორმაგებაა გათვალისწინებული.

გიორგი კახიანის თქმით, ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი (მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ხელფასების ზრდასთან. 

„მოგეხსენებათ, კონსტიტუცია, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრთა ხელფასი განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით. რეგლამენტი არის საკანონმდებლო აქტი. აქამდე ამ საკითხს აწესრიგებდა კანონი პარლამენტის წევრთა ხელფასის შესახებ. ამჯერად საკითხს მოაწესრიგებს რეგლამენტი. ეს არის პროექტით გათვალისწინებული, რაც სუფთა სამართლებრივი ტექნიკის საკითხია და არანაირი კავშირი ხელფასების შესაძლო ზრდასთან ამას არ აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან საკითხი საზოგადოებაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს და სრულიად სამართლიანსაც. 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.