პარმენ ცახელი – ილია ჭავჭავაძეს

  16:16:52     09-06-2011

1866 წლის 9 ივნისს რაჭაში, სოფელ ცახში დაიბადა პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პარმენ ცახელი. ცახელი ფსევდონიმია, მისი მშობლიური სოფლის სახელწოდებიდან ნაწარმოები. მწერლის ნამდვილი გვარია თვალჭრელიძე. პარმენის მამა მღვდელი იყო და წერა-კითხვა შინ ასწავლა შვილს. ცხრა წლის ასაკიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ერთი წლის მერე უფროსმა ძმამ, ანტონმა სტავროპოლში წაიყვანა. სადაც ექსვკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

 

შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, 1883 წელს კი ტფილისში გაემგზავრა საცხოვრებლად. იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი "მარინე" საბავშვო ჟურნალ "ნობათში". მისი ნაწარმოები, რომელიც ხალხური ლეგენდის საფუძველზე შექმნა, შეაქო იაკობ გოგებაშვილმა: "ღირსეულ ლეგენდას ღირსეული ავტორი შეხვედრია და მშვენიერი ნაწარმოები შეუმატნია ჩვენი ლიტერატურისათვისო".

 

შემდეგ გაემგზავრა სტავროპოლში და მიიღო მასწავლებლობის უფლება. შემდეგ მოსკოვში წავიდა, სადაც დაიწყო სწავლა პეტროვ-რაზუმუნოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, უმაღლესი აგრონომიული განათლების მიღების მიზნით. თუმცა სწავლისთვის ფინანსები არ ეყო.

 

დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო პედაგოგობა. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. წერდა ლექსებს, თარგმნა კრილოვის იგავ-არაკები. მონაწილეობდა ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესებში.

 

1919 წლის 31 აგვისტოს მოკლეს ქუთაისში.

 

სამწუხაროდ მისი შემოქმედება დღეს საკმაოდ მივიწყებულია (მადლობას ვუხდით თენგიზ ვერულავას, რომელიც მამულიშვილურ საქმეს აკეთებს და აგროვებს ყველაფერს, შეძლებისდაგვარად). დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ პარმენ ცახელის (თვალჭრელიძის) ლექსი "ილია ჭავჭავაძეს". ლექსი საკმაოდ საინტერესოა და გამოხატავს პატრიოტი პოეტის დამოკიდებულებას დიდი ილიას მოღვაწეობისადმი და ტგადიკულ განცდას მისი მკვლელობის გამო. ლექსი დაწერილია 1907 წელს. პარმენ ცახელზე საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ.

 

ილია ჭავჭავაძეს

 

მოჰკლეს მგოსანი, აღსრულდა

საქმე მტრის გულის ნებისა,

მოსპეს ტაძარი საქვეყნო,

სადგური ხელოვნებისა.

 

მოჰკლეს მგოსანი, შებღალეს

ფიქრში ნაწრთობი ჭაღარა,

დიდებულ შუბლით გამოსჩქეფს

ჭირნახულს სისხლი ღვარ-ღვარა.

 

ეს შუბლი უნდა შეემკო

ქვეყანას დაფნა-იითა,

ნაცვლად კი – აზრთა სადგური

შელეწეს მედგრად ტყვიითა.

 

მოჰკლეს მგოსანი მუხთლებმა,

დაგვმართეს საქმე საზარი,

დალეწეს, დაგვინაცარმტვრეს

ეს ხელოვნების ტაძარი.

 

აწ გათახსირდა ყველა ეს,

აღარ აღენთოს ლამპარი,

ვერ ვნახოთ გრძნობა-სიტურფის

წინაშე მსხვერფლად დამწვარი.

 

მოჰკლეს მგოსანი!…შეწყდა ხმა,

მიდუმდა ჩანგი ფრთოვანი,

ამოშრა სიტყვის ნაკადი,

აზრთა ზღვა სურათოვანი.

 

არარაობამ შენს გულში

აზრთ ნაცვლად მოიკალათა;

შენგან შენამკობ ქვეყანას

გამოგასალმეს ძალათა.

 

ვაიმე! როცა გდევნიდნენ

რა ჭირმა შემკრა ბედშავი,

რად არ ვეკვეთნე შენს მდევნელთ,

რად არ გავსწირე მე თავი.

 

თუ არ შემეძლო მებრძოლნა

შენებრ ძლიერის ენითა,

რად არ გაგერე მტერები

მე ჩემი სუსტის ღრენითა?!

 

ვაიმე! როცა გდევნიდნენ

რად არ შეგექმენ ფარადა,

რად არ გაისმა ჩემი ხმა

საკვდავი მთა და ბარადა,

 

რად არ შევკრიბე ყოველმხრივ

მსახურნი ხელოვნებისა,

და არ ჩავმიწეთ ენები

შენზედ ამტყდარის მტრებისა.

 

ვაიმე! რაკი შენს მდევნელთ

ხმა არ გავეცით მხდალებმა-

იქნებ იმისთვის შეგახეს

ხელი შენ ნაძირალებმა.

 

ლომის მყეფარა ქოფაკსა

თუ “სუს” არ გაუგონია,

გოშიაც წახალისდება

და თავი ლომი ჰგონია.

 

იქნებ ცილი რამ დაგწამეს

და არვინ გაჩნდა ქომაგი,

ჩვენზედ ფიქრობდი, რომ დავგმეთ

შენი წარსული ამაგი.

 

იქნება გული გაგიტყდა

და შენს ერს, აღზრდილს შურითა

აღსასრულის წამს უცქერდი

გულმშვიდის საყვედურითა!

 

ჩემს სიჭაბუკეს, სულმნათო!

შენ მარად ჰყავდი-აღმზრდელად,

შენთა ფიქრთა ზღვა ჩემს გულშიც

ღვიოდა მწარ-ტკბილ ნაღველად;

 

აწ გათახსირდა ყველა ეს,

შენთვის სამარე მზად არი,

ჩაქრა სანათი ბრწყინვალე,

გაუდაბურდა ტაძარი.