
სერგი კაპანაძე: ბოლო პერიოდში თეა წულუკიანის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
16:34:42     05-06-2018
ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება 2017 წლის, 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრით განისაზღვრება და ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
Presa.ge სერგი კაპანაძეს ესაუბრა:
- როგორი მოლოდინი გაქვთ რას აპირებთ ამ საგამოძიებო კომისიის ფორმატში მუშაობის პერიოდში. საინტერესოა, რას გაწეული სამთვიანი სამუშაო იმ საქმეში, რომელიც უნდა შეასრულოთ?
- ვაპირებთ ვიმუშაოთ ინტენსიურ რეჟიმში, გამოვიკვლიოთ ყველა არსებული მასალა, შევხვდეთ ყველა ადამიანს, ვინც ფიგურანტია, ან დაკავშირებულია ამ საქმესთან. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს არც თანამდებობას, არც ყოფილ თანამდებობას, დაწყებული მირზა სუბელიანით და ირაკლი შოთაძით, დამთავრებული კონკრეტული ადამიანებით, ვინც ფიგურირებენ საქმეში და ნახსენები იყო მათი გვარები. ჩავატარებთ საქმიანობას, შემდეგ დავდებთ დასკვნას და ვეცდებით, ეს დასკვნა დავდოთ უფრო მალე, ვიდრე გათვალისწინებულია კანონით, ანუ სამ თვეზე ადრე. მოგვიწევს ძალიან დიდი რაოდენობით მასალების გაცნობა, რომლებიც უნდა მოვიძიოთ პროკურატურიდან და სხვა უწყებებიდან, რომლებიც ჩართული იყო საქმეში.
- ზაზა სარალიძისა და პრემიერ-მინისტრის გუშინდელ შეხვედრაზე გაკეთდა დათქმა, რომ 10 ივნისამდე დაზარალებული მხარე უნდა დაელოდოს დამნაშავეთა დასჯას. კომისიის სამუშაოს შესრულებას დრო სჭირდება. თუკი, პრემიერი 1 კვირაში შეძლებს დანაპირების შესრულებას, მაშინ რა როლი უნდა შეასრულოს თქვენმა კომისიამ?
- ზაზა სარალიძის ამოცანას წარმოადგენს, რომ დადგინდეს მკვლელი და მიცემული იქნას პასუხისგებაში მიცემული. დღესვე რომ დადგინდეს და დაიჭირონ, ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან კარგი. ამის გარდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რა მოხდა მანამდე. რატომ არ მიიყვანა პროკურატურამ საქმე ბოლომდე, როცა უნდა მიეყვანა. ჩვენი ამოცანა არის დამნაშავის დასჯა, მაგრამ ასევე უნდა გავარკვიოთ, თუ ვინმე მკვლელს ხელს აფარებდა, ვინ იყო ის. რა მოხდა პროკურატურაში ისეთი, რომ მივიღეთ აბსურდული სიტუაცია, როცა აღმოჩდა, რომ 12 ჭრილობამიღებული ადამიანი არავის არ მოუკლავს. ეს ხომ პროკურატურის ბრალია. თუკი დამნაშავე მანამდე დადგინდება, ჩვენი ინსტრუმენტით გადავამოწმებთ, რა ხდება და რანაირად ხდება. რეალურად კომისია საზოგადოების მხრიდან კონტროლის ინსტრუმენტია და არა ვიღაცის დამჭერი ორგანო.
- საპარლამენტო კომისიას კანონით არ გააჩნია „დამჭერი“ ბერკეტი, ამიტომ არის საინტერესო, რა ძალა და გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის დასკვნას იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც დიდი ალბათობით, გამოიკვეთება თქვენი მუშაობის შედეგად?
- ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პრობლემები გამოვკვეთოთ და დავაყენოთ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შეიძლება იყოს გამოვლენილი. მიგვაჩნია, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია გვყავდეს ნორმალური მთავარი პროკურორი, რომელიც ნდობას იმსახურებს და არა „ქართული ოცნების“ მთავარი პროკურორი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ შალვა შავგულიძის დანიშვნას, რომელშიც დარწმუნებული ვართ, რომ თავისი წარსულით გამოცდილებით და ა.შ. კრიტერიუმს აკმაყოფილებს. იგი არ არის ჩვენი გუნდის წევრი, იგი რამდენიმე წელი „ქართული ოცნების“ წევრი და ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო.
- „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრობა არ შეუშლის ხელს, რომ სწორედ მმართველი გუნდის მხრიდან არ იქნას მოწონებული?
- იმედი გვაქვს, რომ მთავარი კრიტერიუმი ის კი არ იქნება, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, არამედ მისი წარსულის გამოცდილება, მათ შორის გირგვლიანის საქმე და სხვა. კარგი იქნებოდა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მხარი დაეჭირათ, ან კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოეჩინათ, რომ გამოგვეყენებინა შანსი, რათა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კარგი ადამიანი ყოფილიყო დანიშნული. მე პირადად, ნდობის პრობლემა იმ შემთხვევაშიც მექნება, თუ პროკურატურას ისევ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩაუდგება სათავეში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენმა კომისიამ უნდა იმუშაოს როგორც საზოგადოებრივი ზეწოლის ინსტრუმენტმა, ასევე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მთავარ პროკურორად მოხდეს მისაღები პირის დანიშვნა.
- მოლოდნი გაქვთ, რომ შალვა შავგულიძე შეიძლება იყო შერჩეული მთავარი პროკურორის კანდიდატად?
- თეა წულუკიანი პირობებში ძნელად წარმომიდგენია ეს ყველაფერი წინ წავიდეს. თეა წულუკიანი ის ადამიანია, რომლიც ირაკლი შოთაძეს მოეფერა მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობოების განცხადებაც. ბოლო პერიოდში თეა წულუკიანის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.