
„პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ“
14:12:48     05-06-2018
იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
„პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!“- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ პოლიტიკურ სარბიელს სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიეცა ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს.
„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი "შემოგვტენონ", არ გვსურს, რომ რუსულ პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის სააკაშვილები გამოჩნდნენ. თქვენ მოგწონთ ასეთი თითქოსდა პოლიტიკური მოღვაწეები? რუსეთს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობენ, არამედ მათი გადაჭრის გზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. თუ ადამიანი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და მისი საშუალებით საკუთარი რეიტინგის გაზრდა სურს, ხალხს ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, ადამიანებს რატომ არ მიეცათ საშუალება, ალექსეი ნავალნისადმი საკუთარი დამოკიდებულება არჩევნებზე გამოეხატათ, პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსების გაცნობა ინტერნეტშიც შეუძლიათ.