იემენში საიდუმლო სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს

  12:47:36     09-06-2011

„ალ–ქაიდას“ ახალი მუქარის პარალელურად, აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას იწყებს. ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც იემენში, აშშ–ის საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობენ, „ალ–ქაიდას“ მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედება გააქტიურეს.  

სამხედრო მისიის მიზანია, არ დაუშვას საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ძალების გაერთიანება, რომლის საფრთხეც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სახელმწიფო ხელისუფლებათა შესუსტების შედეგად წარმოიშვა.

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები იემენში, „ალ–ქაიდას“ მებრძოლებთან საომარ ოპერაციას უპილოტო საფრენი აპარატების და პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავი–მოიერიშეების მეშვეობით აწარმოებენ. გასაიდუმლოებული ოპერაციის შესახებ, გარკვეული ინფორმაციები, მცირე ხნის წინაც გამოჩნდა, თუმცა მაშინ ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. დღეს გავრცელებული ცნობით კი, უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანაში სერიოზული საომარი მოქმედებები აწარმოეს და „ალ–ქაიდას“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაციაც შეძლეს.    

 

იემენში, თებერვლის დასაწყისში, მასობრივი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვს, რომელიც ქვეყანას უკვე 30 წელია მართავს. ამ დროისათვის, სახელწიფოს მეთაური მკურნალობის კურსს საუდის არაბეთში გადის. ის რეზიდენციის დაცხრილვის დროს დაიჭრა. დასავლური მედიის ინფორმაციით, სახელისუფლო და ოპოზიციის ძალებს შორის შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.

 

საომარი ოპერაციის პარალელურად, გაძლიერებულია ორგანიზაციის მებრძოლების შესახებ ინფორმაციის შეკრებაზე მუშაობა. საამისოდ, ამერიკული სპეცსამსახურები, იემენის მეზობელ საუდის არაბეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობენ. რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელებმა უპილოტო საფრენი აპარატი რადიკალური ისლამის პროპაგანდისტის, ანვარ ალ–ავლაკის გასანადგურებლად გაგზავნეს, რომელზეც ვაშინგტონი უკვე წელიწადია ნადირობს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

 

მანამდე კი, ამერიკელებმა იემენზე იერიში დიდი სიფრთხილით მიიტანეს. მათ შეცდომის და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამოწვევის ეშინიათ. ოპერაციის დაწყების მიზეზი კი, „ვოლ სთრით ჯორნელის“ ინფორმაციით, ძირითადად, სალეჰის ლოიალურობა გახდა, ტერორისტებთან მიმართებაში. ამ საშუალებით, აშშ ძლიერ ზეწოლას ახდენს იემენის ხელისუფლებაზე საიმისოდ, რათა პრეზიდენტმა სალეჰმა დატოვოს პოსტი და ხელისუფლების გადაბარება „ალ–ქაიდასთან“ მიმართებაში უფრო მკვეთრი პოზიციის მქონე ძალებისათვის დაიწყოს.