
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“
16:34:36     04-06-2018
ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებზე PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა:
- საზოგადოებრივი პროტესტისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების და მთავარი ლოზუნგი იყო და არის, ის, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. როგორც ვნახეთ, ამ მოთხოვნის მხარდამჭერების რაოდენობა საკმაოდ დიდია. საინტერესოა, როგორ აღიქვა ეს მესიჯი ხელისუფლებამ და პარლამენტის მმართველმა გუნდმა?
- ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ჩვენ ვთქვით, რომ ისე როგორც დაზარალებულთა ოჯახების, ჩვენი, ყველას ინტერესი იყო, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე და სრულყოფილად განხორციელებულიყო. დამდგარიყო ობიექტური და სამართლიანი განაჩენები და პასუხისგებაში მიცემულიყო ყველა დამნაშავე პირი. როგორც კი, სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ჩვენთვის ცნობილი, დავინახეთ რომ მართლმსაჯულება ჯერჯერობით ბოლომდე ვერ განხორციელდა, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები, ასევე მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი.
- ოპოზციაში ამბობენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამ საქმის შესწავლის მოტივი ხელისუფლების ხრიკია, რომლითაც საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობა სურს...თქვენ რა შედეგს ელოდებით იმ ფონზე, როცა მოთხოვნა უკვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და არა მართლმსაჯულების აღსრულება კონკრეტულ საქმეზე?
- კომისია მოკლე დროში შეუდგება საქმიანობას და ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად გავარკვევთ საქმის გარემოებებს, გავაკეთებთ შეფასებებს საქმესთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს.
ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა რეალურად შეუცვალა და გადაუკეთა მთავარი მოთხოვნა ამ საზოგადოებრივ პროტესტს. ეს პროტესტი ბოლო დღეების განმავლობაში წარმართული არის ოპოზიციონერი ლიდერების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ემსახურება არა სამართლიანობის მოთხოვნას, არამედ პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ პარტიამ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და მისი მთავარი მიზანი არის არეულობის და დესტაბილიზაციის გზით მიაღწიოს მიზანს.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ერთი მხრივ, რომ სარალიძესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს, მეორე მხრივ - არანაირად არ მივცემთ შესაძლებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ და ანგაჟირებულ ჯგუფს, რაიმე დესტაბილიზაცია შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს თითოეულ მოქალაქეს, რომელთა ინტერესი არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმუშაონ ეფექტურად, სახელმწიფო ემსახურებოდეს ადამიანს და მის ინტერესებს, თუმცა არც ერთი მოქალაქის ინტერესი დესტაბილიზაცია, რამის დანგრევა და ჩამოშლა არ არის. შესაბამისად, მოთხოვნები, რომელიც გააჟღერა ოპოზიციამ, ამან გამოიწვია ის, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა მომენტალურად დაკარგეს.
დადუნაშვილი-სარალიძის ოჯახი, საზოგადოების ნაწილი, ვისაც სამართლიანი პროტესტის განცდა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვდგავართ ერთ მხარეს და ერთად უზრუნველვყობთ, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს.