მოკლული გოგონას მამა მკვლელობაში ბრალდებულის დედას სასამართლოზე სიტყვიერად დაუპირისპირდა

  11:37:27     04-06-2018

"როგორ არ გრცხვენიათ, როგორ აუყვანეთ თქვენს შვილს ადვოკატი? "გამზრდელი" არ წაგიკითხავთ? თავი გაქვთ მოსაკლავი! თქვენთან შედარებით, ბედნიერი მამა ვარ, ჩემი შვილი სამოთხეში მაინცაა", - ამ სიტყვებით მიმართა თემქაზე შეყვარებულის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის დედას მოკლული გოგონას მამამ.

მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქალაქო სასამართლოში მოხდა.

ნაცვლიშვილის ოჯახის წევრების უკმაყოფილება ადვოკატის კომენტარმა გამოიწვია.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის, გრიგალაშვილს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაუმძიმა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

ბრალდების მხარემ უკვე მიიღო ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც, მოკლულ გოგონას 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, თავის არეშიც.

აღნიშნული ექსპერტიზის შედეგები დაცვის მხარისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ გრიგალაშვილის ადვოკატი აცხადებს, მათ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგალაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.