პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება

  09:12:31     04-06-2018

მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  განცხადებით,  "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მსჯელობა შეეხო ძირითადად ორ საკითხს.

"პირველი განსახილველი თემა იყო საგამოძიებო კომისია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენი მხრიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის ჩატარება, მოწვევა მომავალ კვირაში და იმ სხდომაზე ჩამოყალიბდება უკვე კომისიის შემადგენლობა,”- განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხორავას ქუჩაზე მომხდარისთვის ნათელის მოსაფენად.

"როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა და მათი ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა კომისია. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან გვექნება კონსულტაციები, “,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.