"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც ბატონ ზაზას აქვს"

  16:30:06     01-06-2018

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ზაზა სარალიძეს აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას. არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც ეჭვს იწვევს, ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების მეშვეობით, მიტინგის მეშვეობით არის რთული. ამიტომ ამ ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში, გამოძიება სჭირდება. ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ. ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ამიტომ გამოძიება უნდა განხორციელდეს, თუმცა გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს, ისე, როგორც წარმოებულმა გამოძიებამ დატოვა“,- განაცხადა ლომჯარიამ.